14 ნოემბერი, 2018

ვასო გოძიაშვილი – მსახიობი, რომელსაც დავიწყება არ უწერია

ვასო გოძიაშვილი - მსახიობი, რომელსაც დავიწყება არ უწერიავასო გოძიაშვილი ჯერ კიდევ სულ პატარა იყო, როდესაც თეატრის ტყვე გახდა. პლეხანოვის კლუბში ყველა წარმოდეგნის საღამოზე ეწყობოდა დიტვერტისმენტი, რომლის სული და გული პატარა ვასო გოძიაშვილი იყო. ის არაჩვეულებრივად მღეროდა რომანსებს და კითხულობდა სხვადასხვა პოეტების ლექსებს. განსაკუთრებით დიდ მოწონებას იმსახურებდა მის მიერ შესრულებული “მხოლოდ შენ ერთს”. აღფთრთოვანებული მაყურებელი დიდხანს უკრავდა მას ტაშს და სცენიდან არ უშვებდა. ყველას ეგონა, რომ ვასო გოძიაშვილი მომღერალი გამოვიდოდა, თუმცა ის თეატრის ბრწყინვალე მსახიობი გახდა.

მისი ურთიერთობა თეატრთან მოკარნახის პროფესიით დაიწყო. კარნახის დროს, როლში ისე შედიოდა, რომ ყველა მსახიობის მაგივრად თამაშობდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი მომავალი მსახიობი ძლივს დალასლასებდა:

“საინტერესო მუშაობას ეწეოდა ნახალოვკის კლუბი, იქ სუფლიორად მოვეწყვე. რეჟისორი პავლე ფრნგიშვილი იყო. როცა ცოტა წამოვიზარდე და სცენაზე დავაჟკაცება დავიწყე, “პატარა კახში” მთავარი როლის განსახიერება მომანდვეს. მერე კი პიესა “დედა და შვილში” შვილის როლი ვითამაშე. არ შეიძლება გულთბილად არ მოვიგონო ჩემი უფროსი მეგობარი, ნიჭიერი რეჟისორი დავით ჩარკვიანი, რომლისაგანაც ბევრი სასარგებლო რჩევა შევიძინე,” – იგონებდა მსახიობი.

ვასო გოძიაშვილის თითოეული როლი დაუვიწყარი იყო მაყურებლისთვის. რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში მან განუმეორებელი სახეები შექმნა. მსახიობი ყოველთვის გამორჩეულად იხსენებდა კოტე მარჯანიშვილთან მუშაობის პერიოდს.

თეატრის პარალელურად ვასო გოძიაშვილმა კინოშიც იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ფილმში არ გადაიღეს, მისი კინოგმირები დღემდე კარგად ახსოვს მაყურებელს.

მსახიობის შეხვედრა მაყურებელთან ნამდვილი დღეასასწაული იყო. მან არ დატოვა ჟანრი, სადაც თავისი თავი არ გამოსცადა და ყველგან დიდ წარმატებას მიაღწია. სამამულო ომის დროს ვასო გოძიაშვილი მაყურებელს სულიერ საზრდოს არ აკლებდა და სპეციალურად მათთვის კულტურულ ღონისძიებებს მართავდა.

“მერე რა, რომ წლები გავიდნენ,
ხმაში გამიჩნდა ბზარი,
ჩემო კედლებო, ისევ მიყვარხართ,
როგორც მიყვარდით მაშინ.”

ამ სიტყვებით ამთავრებს თავის გამოსვლას ”ძველი ვოდევილების” გმირი ვასო გოძიაშვილი, რომელსაც დავიწყება არ უწერია.