3 ნოემბერი, 2018

მიხეილ ჯავახიშვილი: ”ენა მწერლის უმთავრესი იარაღია!”

მიხეილ ჯავახიშვილი: ”ენა მწერლის უმთავრესი იარაღია!”– როცა მოთხრობას ან რომანს ვწერ, სანამ წერას შევუდგებოდე, კარგა ხანს აღარც უცხო ენაზე დაწერილ წიგნს ვეკარები. მიზანიც გასაგებია: ტვინის ენობრივი აპარატი სუფთა ქართულ მეტყველებაზე გადმომაქვს, – წერდა თავის ჩანაწერებში მიხეილ ჯავახიშვილი:

”ენა მწერლის ბალავარია, მისი უმთავრესი იარაღია. ენის უცოდინარი მწერალი სამფეხა ცხენსა ჰგავს, გენიოსიც რომ იყოს, ვერც გაიქცევა და ვერც დაიძვრება.

გარემოებამ ორჯერ გამარუსა და ისე დამავიწყა ქართული, რომ საყველპუროდ ძლივსღა მესმოდა. მაგრამ, როცა გადავწყვიტე მწერლობისთვის მომეკიდნა ხელი, ქართულ წიგნს შევეკედლე, ზედიზედ სამი ზაფხული გავატარე ქართლში, მივიწყებულიც აღვიდგინე და ახალიც მრავლად შევიძინე. მას აქეთ ამ სისტემას მაშინაც კი არ ვუღალატე, როცა ხანგრძლივ ჩამოვშორდი მხატვრულ პროზას. ლექსიკონი, სასულიერო წიგნები და, საერთოდ, კლასიკოსები – აი, ჩემი ყოველდღიური ენობრივი ულუფა. განუწყვეტელი ვარჯიშობა – აი, წინდი ყოველგვარ ხელობის გამარჯვებისა. ლექსიკის მუდმივი გამდიდრება და თავდაპირველად სასაუბრო ხალხური ენის შესწავლა ის საძირკველია, ურომლისოდაც ვერავითარი სალიტერატურო ძეგლი ვერ შეიქმნება….

როცა მოთხრობას ან რომანს ვწერ, სანამ წერას შევუდგებოდე, კარგა ხანს აღარც უცხო ენაზე დაწერილ წიგნს ვეკარები. მიზანიც გასაგებია: ტვინის ენობრივი აპარატი სუფთა ქართულ მეტყველებაზე გადმომაქვს.

ნაპოლეონი ამბობდა, ომის მოსაგებად ჯერ ფულია საჭირო, მერმე – ფული და ბოლოს ისევ ფულიო. მეც ვიტყვი: სალიტერატურო გამარჯვებისთვის ჯერ კარგი ქართულია საჭირო, მერმე – კარგი ქართული და ბოლოს – ისევ კარგი ქართული.”