5 ოქტომბერი, 2018

მამა თეოდორე (ჩიხლაძე): “მე დამხვრიტეთ, ამათ კი სიცოცხლე შეუნარჩუნეთ!”

მამა თეოდორე (ჩიხლაძე): "მე დამხვრიტეთ, ამათ კი სიცოცხლე შეუნარჩუნეთ!"– უფალო, მომეცი ძალა, ვილაპარაკო სიმართლე… სიტყვითა შენითა და არა სიტყვითა ჩემითა და თუ ღირსი ვარ, დამიცავი… – ასე დაიწყო თავისი სიტყვა სასამართლოზე “თვითმფრინავის საქმეზე” ბრალდებულმა მღვდელმონაზონმა თეოდორე (ჩიხლაძემ).

მამა თეოდორეს სიტყვა მისმა დედამ ჩაიწერა, თუმცა ეს სიტყვის მხოლოდ ნაწილია, რადგან იგი ამის გამო დარბაზიდან გამოაძევეს:

“უფალო, მომეცი ძალა, ვილაპარაკო სიმართლე… სიტყვითა შენითა და არა სიტყვითა ჩემითა და თუ ღირსი ვარ, დამიცავი…

უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ მე, როგორც მსჯავრდადებული, აქ არ უნდა ვიყო, არც ერთ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანს არ სჯიან, მით უფრო – არ ხვრეტენ. თქვენ იცით, რომ მე ღვთისმსახური ვარ და სწორედ ამის გამო მასამართლებთ… ვიცი, რომ აქ დამსწრე საზოგადოების 80%-ს ვეზიზღები, როგორც მღვდელი, და ჩემს ჩვენებას სიგიჟედ მიიჩნევს… მე არაფერს ვთხოულობ, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ…

სასამართლო ბრალად ბანდის ხელმძღვანელობას მდებს… დიახ, მე ვიყავი ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც თეოლოგიას ვასწავლიდი, მაგრამ ბანდის ორგანიზატორი არასოდეს ვყოფილვარ… მე აქ მყოფ ბრალდადებულებთან მქონდა მხოლოდ სარწმუნოებრივი კავშირი, ისეთი, როგორიც ერთ მორწმუნეს მეორის მიმართ აქვს.

მე კარგად ვიცნობ ამ ახალგაზრდებს, თითოეული მათგანი ნიჭიერი და ღრმად განათლებულია. თავადაც დამიდასტურებენ, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებისა და პატიოსნებისკენ მოვუწოდებდი მათ…

ხალხო! გულებში ჩაიხედეთ, თქვენსავე გულებში მაინც თქვით, რომ ისეთი არაფერი ჩამიდენია, დახვრეტის მუხლი დავიმსახურო.

მე სახარებით ვცდილობდი მორწმუნეთა და ურწმუნოთა შემოერთებას… თავს დამნაშავედ არაფერში ვცნობ… თუ თქვენ სიცოცხლეს შემინარჩუნებთ, სახლში მაქვს ერთი ძველი ქართული რუკა, სადაც აღნიშნულია საქართველოს ყველა ტაძარი და მონასტერი… სადაც ხელს დამიდებთ, მთლად გადაკარგულ მთებშიც რომ იყოს, წავალ და იქ განვლევ ჩემს გატანჯულ ცხოვრებას…

და თუ მაინც მომკლავთ და ამ ხალხს ჩემი სიკვდილით რამე ეშველება, მზად ვარ, სიამოვნებით მივიღო თქვენი განაჩენი… ოთხ კაცს რატომ ხვრეტთ, მე დამხვრიტეთ, მე არაფერში გამოგადგებით, ამათ კი სიცოცხლე შეუნარჩუნეთ. ამათ მაინც გამოიყენებთ…

ეს კია, რომ ჩვენი საქმე დიდად გახმაურდა და ასე ადვილად ჩემი მოკვლა კარგს არაფერს მოგიტანთ…”