23 ოქტომბერი, 2018

კოკა ნიკოლაძის ტრიუმფი გერმანიაში

კოკა ნიკოლაძის ტრიუმფი გერმანიაშიკომპოზიტორ კოკა ნიკოლაძეს თავისი ნიჭიერებით და საინტერესო გამოგონებებით უკვე მსოფლიო იცნობს. მისთვის ყველაფერი მუსიკალური საკრავია, ამიტომაც არის, რომ ნებისმიერი ნივთით მუსიკალურ ინსტრუმენტს ქმნის.

გერმანიაში, დონაუეშინგერის ფესტივალზე უზარმაზარი წარმატებით ჩაიარა კოკა ნიკოლაძის პრემიერამ. ამ გამოსვლას მრავალი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო BR Klassik-მა მას ფესტივალის ჰაილაითი უწოდა.

ფესტივალი 1921 წელს დაარსდა და მას შემდეგ თანამედროვე კლასიკური მუსიკის უმნიშვნელოვანესი ყოველწლიური მოვლენაა. სხვადასხვა დროს დონაუეშინგერის ფესტივალი მნიშვნელოვან კარიერულ და შემოქმედებით პლატფორმად იქცა ისეთი კომპოზიტორებისათვის, როგორებიც არიან: ალბან ბერგი, არნოლდ შონბერგი, პოლ ჰინდემიტი, კარლ ჰაინც შტოკჰაუზენი, პიერ ბულეზი, ოლივიე მესიანი, გიორგი ლიგეტი, ალფრედ შნიტკე და სხვა.

კოკა პირველი ქართველი კომპოზიტორია, რომელიც ამ ფესტივალზე მიიწვიეს. მისი პრემიერა შეფასდა, როგორც ინოვაციური. მან შექმნა ინტერაქტიული სანოტო პულტების სისტემა და შეძლო რეალურ დროში, ცოცხლად ემართა აკუსტიკური ორკესტრი, როგორც სინთეზატორი.

მისი ნაწარმოები ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ანსამბლმა ვენის კლანგფორუმმა (Klangforum Wien) შეასრულა.

კოკა ნიკოლაძის ტრიუმფი გერმანიაში