26 სექტემბერი, 2018

ზურაბ სოტკილავას ღირსეული საქციელი ლა სკალაში

ზურაბ სოტკილავას ღირსეული საქციელი ლა სკალაშიოპერის ვარსკვლავი ზურაბ სოტკილავა მსოფლიოს ყველა ცნობილ საოპერო სცენაზე გამოდიოდა და მსმენელს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ოპერის მომღერალი ფეხბურთს კარგად თამაშობდა და რომ არა გასაოცარი ხმა, ზურაბ სოტკილავა თავის მომავალს ფეხბურთს დაუკავშირებდა.

ეკატერინე ხომერიკი ქართველ მომღერალთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ისტორიას იხსენებს:

“მოსკოვის „დიდი თეატრის“ სოლისტი, გენიალური ქართველი მომღერალი ზურაბ სოტკილავა ახალგაზრდობაში იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო. ის თბილისის „დინამოშიც“ მიიწვიეს და რომ არა მისი უნიკალური სასიმღერო ხმა და ნიჭი, ალბათ წარმატებული ფეხბურთელი გამოვიდოდა. თუმცა, ის დიდი ხელოვანი გახდა და მსოფლიოს ყველა ცნობილი საოპერო სცენა დაიპყრო.

1988 წლის 23 ივნისია. სოტკილავა მილანის „ლა სკალას“ სცენაზე დგას და ცნობილ არიებს მღერის. ბოლო არია რომ იმღერა, დარბაზი ფეხზე წამოდგა და მაყურებელმა მხურვალე ტაში დასცხო…

პარტერში საერთო აღტაცებას გამოეყო ერთი ჯგუფი, რომელმაც ობსტრუქციის მოწყობა სცადა. სტვენდნენ, თან გაჰკიოდნენ: – გაეთრიეთ, საბჭოთა ღორებო! ძირს საბჭოთა ნაკრები! გაუმარჯოს იტალიის ნაკრებს!

საქმე კი ის იყო, რომ წინა ღამით გერმანიაში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ვარსკვლავური გუნდი 2:0 დაამარცხა. საბჭოეთის მოძულეები ამას განიცდიდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ნამდვილი საფეხბურთო ბურთიც კი ისროლა სცენაზე, რომ ქართველი მომღერლისთვის მოერტყა…

51 წლის სოტკილავამ ბურთი მკერდზე მიიღო. შემდეგ თავზე აიგდო, რამდენიმეჯერ აკენწლა, ბოლოს ფეხზე ჩამოიგდო, ისევ აკენწლა, მკვეთრად შეტრიალდა და ბურთი ქუსლით დააბრუნა დარბაზში.

ქართველი ვირტუოზის საფეხბურთო ოსტატობას სულგანაბული უყურებდა მთელი „ლა სკალა“. ბოლოს კი ისეთი ოვაცია მოაწყვეს, რომ ლამის ჭერი ჩამოინგრა. ბატონმა ზურაბმა თავი დაუკრა პუბლიკას და ღირსეული ნაბიჯით, დინჯად დატოვა სცენა.

მეორე დღეს კი ყველა იტალიური გამოცემა წერდა: – საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ნაკრებს გადაუარა, სოტკილავამ კი – „ლა სკალასო“.

ზურაბ სოტკილავას ღირსეული საქციელი ლა სკალაში