5 სექტემბერი, 2018

იტალიური პრემია გია ყანჩელს

იტალიური პრემია გია ყანჩელსმაესტრო გია ყანჩელს ჯილდოები და პრემიები არ აკლია. 83 წლის კომპოზიტორს კიდევ ერთ პრემიას გადასცემენ.

30 სექტემბერს, კრემონის საერთაშორისო მუსიკალურ გამოფენასა და ფესტივალზე, გია ყანჩელი “Cremoma Musica Award”-ის პრემიით დაჯილდოვდება, XX საუკუნის მეორე ნახევარში მუსიკაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, კომპოზიციის მიმართულებით.

კრემონის საერთაშორისო გამოფენა და ფესტივალი, ყველაზე მასშტაბური და ცნობილი გამოფენაა მსოფლიოში და მასში ყოველწლიურად მუსიკალური საკრავების ყველა მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს.

პრემია ამ ცნობილი გამოფენისა და ფესტივალის ფარგლებში 2014 წელს დაარსდა და იმ პიროვნებებს და ინსტიტუტებს გადაეცემათ, რომლებმაც თავიანთ დარგში უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს.

სპეციალური სამეცნიერო კომიტეტი, ყოველ წელს ირჩევს საერთაშორისო მუსიკალური სცენიდან იმ ხელოვანებს, რომლებმაც განსაკუთრებულად შეუწყეს ხელი დიდი მუსიკისა და იმ ღირებულებების გავრცელებას საზოგადოებაში, მუსიკალურ ტრადიციებს რომ ერთვის.

დაჯილდოებაზე პიანისტები ალესანდრო სტელა და გიორგი ვაჩნაძე მაესტროს რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებენ.