8 სექტემბერი, 2018

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილ პროექტში დევნილი მოზარდებიც ჩაერთვებიან

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილ პროექტში დევნილი მოზარდებიც ჩაერთვებიანილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე, 12 სექტემბერი, თბილისის მასშტაბით მეხუთე წელია რაც აღინიშნება პროექტით „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“. ორგანიზატორები არიან საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“, რომელიც ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით და განახლებული ფორმატით აღნიშნავს.

პროექტის ავტორების გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი და კულტურული დატვირთვის გარდა, პროექტმა მეოთხე წელია სოციალური პასუხისმგებლობაც შეითავსა და იგი დევნილთა კომპაქტური დასახლებების მოზარდების განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული. პროექტის სოციალური ნაწილის მხარდამჭერები არიან: „საირმე მინერალ ვოთერს“ და ნაყინი „ლიდერი“.

წელს პროექტი ერთგვარად ითავსებს ანტისაოკუპაციო თემატიკასაც, საქართველო-რუსეთი 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით. ამ გარემოების გათვალისიწნებით პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩამოჰყავთ შიდა ქართლიდან დევნილი 150 სკოლის ასაკის მოზარდები კარალეთის, მოხისის, ფრეზეთის და შაუმიანის კომპაქტური დასახლებებიდან. ისინი დაესწრებიან სიონის ტაძრის ეზოსა და მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილ ლიტერატურულ და თეატრალიზებულ ღონისძიებებს, მიიღებენ მონაწილეობას ილიას პატივსაგებად გამართულ ფეხით მსვლელობაში, ხოლო დასკვნით ეტაპზე მათ უმასპინძლებს თბილისის მუზეუმების გაერთიანება, კერძოდ ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი. მოზარდები დაათვალიერებენ მუზეუმს და შემდეგ ჩაერთვებიან მუზეუმების გაერთიანების შემეცნებით პროგრამებში.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წელს ანტისაოკუპაციო თემატიკა აქცენტირებული იქნება და ღონისძიებების შინაარსიც ორიენტირებული იქნება ილიას მიერ რუსეთის იმპერიის ჩაგვრის და რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის, საქართველოს ავტომონიის საკითხის, თავისუფლებისა და ეროვნული თვითშეგნების აღდგენის თემატიკაზე. დევნილი მოზარდებისთვის, რომლებიც სოციალური, გეოგრაფიული თუ სხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო მოკლებული არიან კულტურულ, სახელოვნებო და შემეცნებით აქტივობებს, 12 სექტემბერის ღონისძებაზე დასწრება მათთვის მნიშვნელოვანი იქნება როგორც უპირველესად მათდამი მზრუნველობის გამოხატულება. ამასთანავე
მოზარდები ნახავენ და მოისმენენ მათთვის არა ერთ საინტერესო და უცნობ ინფორმაციას, ცოცხლად მოისმენენ თანამედროვე მწერლებისა და მსახიობების მიერ წაკითხულ ლიტერატურულ ნიმუშებს, რაც მათი შემეცნებითი და კულტურული პოტენციალის მასტიმულირებელი და განვითარებისათვის ხელშეწყობის მასტიმულირებელიც იქნება,“ – აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

დევნილი მოზარდების გარდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც 12 სექტემბერს, 13 საათზე სიონის ტაძრის ეზოდან დაიწყება, ნებისმიერი მსურველისათვის დასწრება თავისუფალი იქნება.