9 სექტემბერი, 2018

გელა ჩარკვიანის ყველაზე სწორი რჩევა

გელა ჩარკვიანის ყველაზე სწორი რჩევადიპლომატმა გელა ჩარკვიანმა ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ისტორიები წიგნებად აკინძა.

მისი მოსაზრებები საზოგადოებაში მოწონებით სარგებლობს, რადგან ბატონ გელას სიტყვების ჰაერზე სროლა არ უყვარს.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს გელა ჩარკვიანის ჩანაწერიდან, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა:

“გესლიან კრიტიკულ შენიშვნებზე არ ვპასუხობ. ვერიდები ღვარ­ძლიან კამათში ჩაბმას.

წარმოიდგინეთ, რომ გაცვიათ ქათქათა თეთრი ფრაკი. მიდიხართ სტუმრად. იქ ახლობლები, მეგობრები და ისეთი ადამიანები გელიან, ვინც პატივს გცემთ. გასავლელი გაქვთ ქუჩის მონაკვეთი, სადაც ასფალტს აგებენ. გარშემო ტალახი და სიბინძურეა. სვანურად ცერებზე დგებით და ისე მიიკვლევთ გზას, ახლად გაპრიალებულ შავ ფეხსაცმელს ტალახი რომ არ მოეცხოს. ვიღაც ტურტლიან ტიპს თქვენი დახვეწილი პლასტიკა არ მოსწონს, ჯერ ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვებით გახასიათებთ. ხმის ამოუღებლად აგრძელებთ ცერულს. თქვენი დუმილით გაცეცხლებული ტურტლიანი ტიპი დედას გაგინებთ.

ეს უკვე მეტისმეტია. ჩერდებით. გადასაწყვეტია, გაუქანოთ ყბაში თუ განაგრძოთ გზა. გაუქანებთ და ისიც გამოგიქანებთ, ჩაებღაუჭებით ერთმანეთს, წუმპეში ერთად ჩაცვივდებით, ლაფსა და განავალში ამოისვრებით. მისთვის ეს ჩვეული მდგომარეობაა. თქვენთვის? რა სანახავი იქნებით, კარს რომ გაგიღებენ. ახლობლებს გულწრფელად ააფორიაქებს თქვენი მყრალი, ყავისფრად მწვეთავი ფრაკი და ჩაშავებული თვალი. მეგობრები ხმამაღლა იცინებენ, პატივისმცემლები (უკვე ყოფილი) ცოტა ხანს, დიდი ძალისხმევის ხარჯზე, შეძლებენ თავის შეკავებას და რამდენიმე ემპათიით გაზავებულ ფრაზასაც გაიმეტებენ. მერე აივანზე გავლენ და გულამომჯდარი იხითხითებენ. ქვეყანას მოსდებენ.

ბევრს ეს ამბავი უზომო სიხარულს მოჰგვრის. ამიტომ ნუ გაუქანებთ. ნუ უპასუხებთ. ქარავანი არ ჩერდება, მიდის…”