22 აგვისტო, 2018

თემო გვალია: “იქნებ ამ საქმის მცოდნეებმა ამოიღოთ ხმა!”

თემო გვალია: "იქნებ ამ საქმის მცოდნეებმა ამოიღოთ ხმა!"– ნუ დავკარგავთ იმას, რასაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცემდნენ მოწიწებით, – აცხადებს მსახიობი თემო გვალია და მეზობელი ქვეყნების მიერ ქართული ცეკვის ილეთების მითვისებით გაკვირვებულია:

“ახლა ვუყურებდი ჩეჩენი წყვილის ქორწილის ვიდეოს… ახალგაზრდები სათითაოდ ეცეკვებოდნენ პატარძალს. ვუყურებდი და მათი ცეკვა თითქმის ერთი-ერთში ჰგავს ქართულ ცეკვას. უბრალოდ ცოტა აჩქარებულ რითმში ცეკვავენ და უნდა ითქვას მშვენივრად ცეკვავენ. მაგრამ საქმე რაშია: ბატონი ილიკოს და ქალბატონი ნინოს ილეთებს, რომელიც 40-იან წლებში თავად გამოიგონეს, დახვეწეს და რომელსაც მთელმა მსოფლიომ უმაღლესი შესაფება მისცა, დღეს ვხვდებით ჩეჩნების, სომხების, აზერბაიჯანელების და კერძოდ სხვა კავკასიის ერთა ცეკვებში.

კი, კავკასიურ ცეკვებს ბევრი საერთო ჰქონდათ ერთმანეთთან ასე თუ ისე, მაგრამ ილეთების ასეთი მსგავსება, არასოდეს ყოფილა.

მე თავს უფლებას ვაძლევ და ამ თემას ვეხები იმიტომ, რომ თავად ვცეკვავდი ქართულ ცეკვებს 11 წლის განმავლობაში და ვთვლი, რომ ოდნავ მაინც გამეგება რაღაც ამ სფეროში.

დღეს კი მივიღეთ ის, რომ უცხოელი კი არა და ქართველიც ვერ ხვდება ერთი შეხედვით, ცეკვა ქართულია თუ ჩეჩნური, თუ სომხური, თუ აზერბაიჯანული.. ვერ ხვდება მანამდე, სანამ ცეკვის მელოდიას არ მოუსმენს. თუმცა მელოდიაც უკვე ძალიან ემსგავსება ერთმანეთის ცეკვების მელოდიას.

ხოდა, ერთ დღესაც ალბათ გაქრება ქართული ცეკვის ის ნაღდი მუხტი, რასაც თითქმის საუკუნის განმავლობაში ვუყურებდით და გვსიამოვნებდა. ალბათ ცეკვის სახელებიც შეიცვლება და ყველა ცეკვას ერქმევა “კავკასიური”, რაც ძალიან საწყენი იქნება.

ალბათ ვინმემ შეიძლება იფიქროს: ეს ვერ არის კარგად, რა დროს ქართული ცეკვა და სიმღერაა, როცა ქვეყანა სხვა, უდიდესი პრობლემების წინაშე დგასო. მაგრამ ამაზეც გიპასუხებთ: ქვეყანას, რომელსაც თავისი ინდივიდუალური კულტურა არ გააჩნია, მას არც მომავალი ექნება სახარბიელო!

ალბათ ამ პოსტისთვის უნდა გამეკეთებინა სათაური “სოს”, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ბანალური დასათაურება იქნებოდა. ისე კი მართლა “სოს”!!!

ნუ დავკარგავთ იმას, რასაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცემდნენ მოწიწებით.
იქნებ, ამ საქმის მცოდნეებმა და პროფესიონალებმა ამოიღოთ ხმა და შეაჩეროთ ეს პლაგიატიზმი, თორემ მალე მოგვიწევს მხოლოდ რითმში ხტუნვა აქეთ-იქით და იმის მტიკიცება, რომ ჩვენც გვქონდა ერთ დროს დახვეწილი, ლამაზი, სიყვარულით, საბრძოლო სულისკვეთებით აღსავსე ცეკვა, რომელსაც სახელად ერქვა – “ქართული”…