15 აგვისტო, 2018

ნანა ხურითი: “რამდენი გმირის სახელები არ ვიცით…”

ნანა ხურითი: "რამდენი გმირის სახელები არ ვიცით..."სოხუმის თეატრის მსახიობი ნანა ხურითი აფხაზეთის ომის დაწყებას იხსენებს და იმ დღეებზე საუბრობს, რომელიც მისთვის ყველაზე მტკივნეულია:

“რამდენი გმირის სახელები არ ვიცით… ეჰ… ჩამეწერა მაინც… მეგონა, სულ გვერდში მეყოლებოდნენ… ხშირად არ ყვებოდნენ ომის ამბებს… არც სვანეთის გზას… სექტემბერში, როცა ჩვენი თეატრის ბიჭები დახოცილები გვეგონა, ღამე მესმის კაკუნი, თან მაშინ შუქები არ იყო, ფრთხილად მივდივართ კართან და ვკითხულობთ, ვინ ხართ… ,,ჩვენ ვართ, ჩვენ… სოხუმის თეატრი…”

ჯერ ორნი გამოჩნდნენ, მერე დაიწყო და დაიწყო… დიმა ჯაიანზე გამოცხადეს დახვრიტესო, ისიც გამოჩნდა. ღამე დიდ ოთახში დავყარეთ ლეიბები და მიუხედავად წაგებული ომისა, ბედნიერების წამიერი განცდა დაგვეუფლა…

ბევრის სიკვდილის ამბავი, იმ ღამეს გავიგეთ… ვტიროდით ქალები და მადლობას ვეუბნებოდით ღმერთს, რომ ესენი მაინც გადაგვირჩნენ… მეტირება…”