5 აგვისტო, 2018

ლიკა ქავჟარაძე: “ცხოვრება ოკეანეა!”

ლიკა ქავჟარაძე: "ცხოვრება ოკეანეა!"– ცხოვრება ოკეანეა, ყველაფერი გინდა მიიღო; ეს იმხელა მორევია, რომ შეიძლება გარეკო კიდეც, – ამბობდა მსახიობი ლიკა ქავჟარაძე.

“არტინფო” გთავაზობთ მსახიობის ჩანაწერს, რომელიც ჟურნალში “ცხელი შოკოლადი” გამოქვეყნდა:

“ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი მაქვს ცხოვრებაში გამოცდილი. ჩემი ცხოვრება დიდ ემოციებთან და განცდებთან იყო დაკავშირებული. ყოველთვის მშურდა იმ ხალხის, რომელთაც შეეძლოთ ყველაფრის ერთი ყურიდან მეორეში გაშვება. ერთი პერიოდი ძალიან ბევრს ვკითხულობდი და იცი, ერთ დღეს მოვისროლე – წადი, შენი, ვიფიქრე, მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოვცადო: სიყვარულიც, შთაბეჭდილებებიც.

ცხოვრება ოკეანეა, ყველაფერი გინდა მიიღო; ეს იმხელა მორევია, რომ შეიძლება გარეკო კიდეც. 16 წლის ასაკში დოსტოევსკიზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ახლა ვეღარ წავიკითხავ; ის ისეთი ემოციურია, რომ ამის თავი აღარ მაქვს. ბავშვობაში მის გმირებთან იდენტიფიკაციაც კი მქონდა. ისინი ხომ შეურიგებლობის გრძნობით, ზოგჯერ ნიჰილისტურნი არიან. მათ პროტესტი აქვთ ყველაფრის მიმართ, ეს მეც მაქვს.

19 წლის გავთხოვდი. მე და სანდროს სულ ცალ-ცალკე გვიწევდა ცხოვრება, ის სულ სადღაც იყო. ამიტომ, დიდხანს დედაჩემთან ვცხოვრობდი. არ მინდა ამ პერიოდზე ლაპარაკი, სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ეს 20 წელი ჩემს ცხოვრებაში ცოტა პესიმისტურ პერიოდად მახსენდება.

ახლა ყველაფერი შეიცვალა. როცა მეგობრები მსაყვედურობენ, რატომ არსად არ დადიხარო, იცი რაა… აღარ მაინტერესებს, მომბეზრდა. აღარ მინდა ის ქაოსი, აღარც “ტუსოვკები”, გამოპრანჭვები. სისულელეა ეს ყველაფერი. ძნელად გავდივარ ადაპტაციას და ამიტომ ყველაფერზე ვფორიაქობდი, ვნერვიულობდი… აღარ მინდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. მყუდროდ, სახლში მირჩევნია ყოფნა.

ყველაფერი, რაც ადრე გამიკეთებია, კარგი თუ ცუდი, ყველაფერი რაღაცისგან გამოწვეული იყო – რაღაც დაუკმაყოფილებლობის გამო, რაღაცის ასანაზღაურებლად. ამიტომ, შეიძლება ბევრ შეცდომასაც ვუშვებდი. ახლა ეს აღარ მაწუხებს და მორჩა! საკმარისია!

სხვათა შორის, პირველად რომ გამოვიდა ასტროლოგიური წიგნები, დიდი ინტერესით ვკითხულობდი. იმდენად მოვექეცი შთაბეჭდილების თუ გავლენის ქვეშ, რომ სულ რაღაც პარალელებს ვავლებდი საკუთარ თავთან. ეს დამეხმარა. რაც არ მომწონდა, ვიცოდი, რომ ცუდია, ამოვიღე ჩემი ხასიათიდან, ამოვძირკვე. როცა ცუდად ვიყავი, ყურადღება გადამქონდა და ვხატავდი, სპორტს მივდევდი: დავრბოდი, ვვარჯიშობდი, აუზში კილომეტრებს ვცურავდი. არა, ახლა აღარ… მომბეზრდა. 27 წლიდან ამას ვაკეთებდი, ლამის ყოველდღე, ძალიან მომბეზრდა.

ჰო, ძილი მიყვარს, მე თვითონ ვერ ვიძინებ, დიდი ხანია ტრანკვილიზატორს ვსვამ. როცა რაღაც მაწუხებს, ძილის დროს ყველაფრისგან ვითიშები იმდენად, რომ დილით ყველაფერი მავიწყდება. ეს მეხმარება. არ ვიცი, თავიდან რომ დავიწყო, რამეს შევცვლიდი თუ არა. უბრალოდ… არ გავხდებოდი მუსიკოსი! მსახიობი? შეიძლება. არა, მე ვიცი, ფსიქოლოგი ვიქნებოდი.”