16 აგვისტო, 2018

“გია ყანჩელს უფლება წავართვათ ატაროს კომპოზიტორის სახელი!“

"გია ყანჩელს უფლება წავართვათ ატაროს კომპოზიტორის სახელი!“ეს განცხადება მსოფლიოში ცნობილი 83 წლის კომპოზიტორის გია ყანჩელის მისამართით 1968 წელს საქართველოს კომპოზიტორთა მეოთხე ყრილობაზე გაისმა.

ამ თემაზე დეტალურად კომპოზიტორმა მეგობართან ჟურნალისტთან, მწერალსა და პოეტთან გურამ გომართელთან ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:

“საწყენი საკმარისზე მეტი შემხვდა. ერთ ფაქტს გავიხსენებ: 1968 წელს საქართველოს კომპოზიტორთა მეოთხე ყრილობა ჩატარდა, სადაც „ეროვნული“ დაუპირისპირდა „თანამედროვეს“. პირდაპირ ეწერა: “ალბათ, მოგვიწევს შველიძის შემოქმედება ამოვრიცხოთ თანამედროვე მუსიკის სიიდან, გია ყანჩელს კი უფლება წავართვათ ატაროს კომპოზიტორის სახელი!“

ასეთი მაგალითები ბევრი იყო. ჩემი კრიტიკოსებისგან რა უნდა მეწყინოს, როდესაც ახლობელ-მეგობრებიც კი არ მინდობენ. სხვათა შორის, მათ სამ ნაწილად დავყოფდი – პირველნი, რომლებსაც დღემდე ვერ გაუგიათ, რაში სჭირდება „ჩიტო გვრიტოს“ ავტორს სიმფონიურ ჟანრში მოღვაწეობა; მეორენი – მათ მიაჩნიათ, რომ მეშვიდე სიმფონიის ავტორს არ ეკადრება „ჩიტო გვრიტოს“ მაგვარი შლაგერის დაწერა, ხოლო მესამენი და ჩემთვის ყველაზე ახლობელნი არიან პლეხანოველები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ, რას ვწერ, ვისთვის და რატომ.

აი, სწორედ მესამე ნაწილის თითო წარმომადგენელს ვეპატიჟებოდი ხოლმე რომელიმე ჩემი სიმფონიის პრემიერაზე. სათითაოდ იმიტომ, რომ მათი ჯგუფურად მოპატიჟება სახიფათო იყო, რადგან შეიძლება კონცერტი ჩაეშალათ.

მახსოვს, 1967 წლის 24 აპრილს გაიმართა ჩემი პირველი სიმფონიის პრემიერა. ამ სიმფონიის ბოლოში არის ერთაქტიანი აფეთქება… ჰოდა, რეპეტიციაზე ეს „აფეთქება“ რომ შესრულდა, კინაღამ მე თვითონ გადმოვვარდი სკამიდან.

პრემიერის დღეს დარბაზი სავსე იყო. რა თქმა უნდა, დირიჟორობდა ჯანო კახიძე. მამამისმა, ბატონმა ვანიჩკამ დიდი ამბით დაპატიჟა კონცერტზე მეგობრები, თბილისში ცნობილი პიროვნებები: პოეტ პაოლო იაშვილის ძმა ტუპია იაშვილი, მსახიობ გურამ ლოთქიფანიძის მამა კოწია ლორთქიფანიძე, ზურია ჭაჭიაშვილი, ჭუტა ავალიშვილი. საპატიო სტუმრები პარტერში, წინა რიგში დააბრძანეს. პირველი განყოფილება – შუმანის კონცერტი სიამოვნებით მოისმინეს. დაიწყო მეორე განყოფილება. დაახლოებით 25-წუთიან ტანჯვა-წამებას, რომელსაც მსმენელმა ასე თუ ისე გაუძლო, სიმშვიდე მოჰყვა, მაგრამ წინ მოკლე, საშინელი „აფეთქება“ ელოდათ. ორკესტრმა „იფეთქა“ და მაშინვე სიჩუმე ჩამოვარდა. პარტერში საკმაოდ მკაფიოდ გაისმა კოწია ლორთქიფანიძის ხმა: ვანიჩკა, რაღაი ახლა გადავრჩით და არაფერი დაგვემართა, აწი რა გვიჭირსო. ეს თქვა თუ არა მეგობრული წრე წამოდგა და დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი. ჭუტა ავალიშვილმა დაამატა, იმნაირ მუსიკას რა ვუთხარი, მეორეს რომ ვერ ააყოლებო.

1986 წელს ჩეხეთის ფილარმონიის სიმფონიურმა ორკესტრმა სიმფონიის დაწერა შემომთავაზა. ჩემთვის ეს რიგით მეშვიდე სიმფონია იყო. მცირე ჰონორარი მომცეს. ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე ქურქზე ოცნებობდა, ამ ჰონორარით მან მხოლოდ მოკლე ქურქი შეიძინა – ნატვრა აისრულა. ჩემმა პლეხანოველმა მეგობრებმა უკვე იცოდნენ, რომ პრაღაში ქურქი შევიძინეთ. მოხდა ისე, რომ პირველივე შეკრებისას, როდესაც ქურქის დემონსტრირების საშუალება მოგვეცა, გაისმა იუმორითა და კეთილშობილებით აღსავსე ზურა კეკელიძის ხმამაღალი რეპლიკა: შე დალოცვილო, დაგეწერა ეს სიმფონია ცოტა უფრო გრძელიო. რა იცოდნენ ჩემმა მეგობრებმა, რომ მეშვიდე სიმფონია, ჩემს სიმფონიებში ყველაზე გრძელია.”