29 აგვისტო, 2018

ადრიანო ჩელენტანო თბილისში – მითი თუ რეალობა?

ადრიანო ჩელენტანო თბილისში – მითი თუ რეალობა?თბილისში ელვის სისწრაფით გავარდა ხმა – 2019 წლის 3 მარტს საქართველოში 80 წლის ადრიანო ჩელენტანო კონცერტს გამართავსო. ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია – ზოგმა ამ ამბავს მითი უწოდა, ზოგმაც – რეალობა.

კონცერტის ორგანიზატორმა FIX GROUP-მა ადრიანო ჩელენტანოს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გაავრცელა:

“ამბობენ, რომ ფრენის ეშინია, ამბობენ, რომ ასაკის გამო აღარც კონცერტებს მართავს და ვეღარც უკვდავ ჰიტებს ქმნის… ბოროტი ენების ფანტაზიას არც ახლა აქვს საზღვარი და შესაბამისად მსმენელი, რომელიც ჩელენტანოს გულშემატკივარია, ხშირადაა გულნატკენი.

ჩელენტანოს დისკოგრაფია 40 ალბომს მოიცავს. მათ შორის არის 29 სტუდიური, 3 ცოცხალი და 8 კომპილაციური დისკი. მომღერლის ყველაზე ცნობილი სიმღერებია “La coppia piu’ bella del mondo”, რომელიც მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა.

3 მარტს, ქართველ დედებისათვის (და არა მხოლოდ მათთვის) თბილისის დიდ საკონცეტო დარბაზში LUI E GLI AMICI DEL RE/ Adriano Celentano Tribute Band  ადოლფო სებასტიანთან და სიმფონიურ ორკესთრთნ ერთად ჩელენტანოს შოუს გამართავს.”

მოგვიანებით FIX GROUP-მა ტექსტიდან “ამბობენ, რომ ფრენის ეშინია, ამბობენ, რომ ასაკის გამო აღარც კონცერტებს მართავს და ვეღარც უკვდავ ჰიტებს ქმნის… ბოროტი ენების ფანტაზიას არც ახლა აქვს საზღვარი და შესაბამისად მსმენელი, რომელიც ჩელენტანოს გულშემატკივარია, ხშირადაა გულნატკენი” – ამოიღო.

ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თათია პაქსაშვილმა კი ადრიანო ჩელენტანოს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით ასეთი ისტორია გაიხსენა:

“90-იანებში იყო ერთი ტურისტული კომპანია (სახელი არ მახსოვს). ტურისტული მარშრუტების გარდა, სხვა საქმიანობასაც ეწეოდა.

ახალი წლის ღამეს სპორტის სასახლეში ადრიანო ჩელენტანოს კონცერტის ბილეთებს ყიდდა. რა არ გავაკეთე, რომ ამ კონცერტზე დასასწრებად აკრედიტაცია მომეპოვებინა (ისინი კი გულში იცინოდნენ ალბათ). ბილეთები გაყიდეს. წინა ღამით სიცხემ ამიწია. მახსოვს, როგორ ვფერთხავდი თერმომეტრს რომ კონცერტზე წავსულიყავი. დედაჩემი კი მიმტკიცებდა, ჩელენტანო არ დაფრინავს და შესაბამისად არ ჩამოვაო (თვითმფრინავის პანიკური შიში აქვს). ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი. ეს კომპანია აფერისტების შანტრაპა აღმოჩნდა. დატყდნენ და ხალხის ფულიც შეიტყაპუნეს.

ეს ამბავი ერთმა აფიშამ გამახსენა, რომელიც მეგობრის კედელზე ვნახე. ხალხის შეცდომაში შეყვანა არ არის კარგი საქციელი.”