6 ივლისი, 2018

“ეს სიტყვები უთუოდ ეპიტაფიად გამოადგებოდა გურამ რჩეულიშვილს!”

"ეს სიტყვები უთუოდ ეპიტაფიად გამოადგებოდა გურამ რჩეულიშვილს!"„მე იგი ვარ, ვინ საწუთროს არ ამოვკრებ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად“ – ზვიად გამსახურდიას აზრით, შოთა რუსთაველის ეს ამონარიდი “ვეფხისტყაოსნიდან” უთუოდ ეპიტაფიად გამოადგებოდა გურამ რჩეულიშვილს.

“გურამ რჩეულიშვილის მოსაგონარი” – ასე უწოდა თავის ჩანაწერს ზვიად გამსახურდიამ:

“გურამ რჩეულიშვილზე ფიქრისას უფრო და უფრო მკვიდრდება ჩემში ერთი აზრი, რომელიც შეეხება ქართულ ხასიათს, ჩვენი ეროვნული ფსიქიკის ერთ თავისებურებას.

ხშირად დასმულა კითხვა: რა არის ქართველი კაცისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება, რა არის ეს ძირითადი თავისებურება, რომელიც ისტორიულად მოსდგამს ჩვენს ერს და განსაზღვრავს მის ინდივიდუალურ პროფილს? პასუხს იძლევა დაკვირვება რჩეული ქართველი ადამიანების ბიოგრაფიისა, მათი ბედისა, მათი აღსასრულისა. ზოგან აშკარად, ზოგან კი უაღრესად ფარულად ჩანს, რომ ეს თვისებაა მოყვასისათვის თავგანწირვა, მსხვერპლი, საკუთარი სიცოცხლის არად ჩაგდება მოყვასის საკეთილდღეოდ.

ჩვენი ისტორიის დიდი გმირები: ვახტანგ გორგასლანი, დავით და კონსტანტინე არგვეთის ერისთავები, დავით აღმაშენებელი, თამარი, დიმიტრი თავდადებული, ცოტნე დადიანი, იოთამ ზედგინიძე, ცხრა ძმა ხერხეულიძეები, თევდორე მღვდელი, ლუარსაბ მეფე, სვიმონ მეფე, ქეთევან წამებული, სამასი არაგველი, ილია ჭავჭავაძე და სხვანი მრავალნი დიდმოწამენი და წმინდანნი გვიდასტურებენ ამას საოცარი სიცხადით.

განსაცვიფრებელია, რომ ამ გალერეას ზედ ერთვიან უცხოელნიც, რომლებშიც საქართველომ აღზარდა ეს გრძნობა. ესენი არიან: წმ. შუშანიკი, წმ. რაჟდენი, ევსტათე მცხეთელი, აბო ტფილელი…

ქართულ ენაში არის ერთი გასაოცარი სიტყვა, რომელიც ნათელყოფს, თუ რამდენად ორგანულია ეს შტრიხი ქართველი ერისათვის. ეს არის სიტყვა “გენაცვალე”. აგრეთვე გამოთქმა “შენი ჭირიმე”, რომელ ენას გააჩნია მსგავსი სიტყვები? არც ერთს (აქვე დასვძენ, რომ მზადა ვარ აზრი შევიცვალო, თუ რაიმე კორექტივს მომაწოდებენ ლინგვისტები).

მოყვასისათვის თავგანწირვაშია ქართული ისტორიის პათოსი და როდესაც დაუფიქრდები: რამ მოიყვანა ქართველი ერი დღემდის, რამ გადაარჩინა ისტორიის შემზარავ ქარტეხილებს, რწმუნდები, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ თავისებურებამ. ეს თვისება სისხლში ჰქონდა გამჯდარი ერს. ეს თითქოსდა თანდაყოლილი, შესისხლხორცებული რამ იყო, და არა გარეგანი, ეთიკური აღზრდის მიღწევა. ამიტომაც აისახა იგი ასეთი შეუდარებელი ძალით ქართულ ლიტერატურაში. განა ამას არ გვიმოწმებს “ვეფხისტყაოსანი”? სად არსებობს უფრო გრანდიოზული აპოლოგია მოყვასისათვის თავგანწირვისა? განა ამასვე არ გვიმოწმებს დანარჩენი ქართული ლიტერატურა? გავიხსენოთ ჩვენი კლასიკოსების გმირები, რა თვისება აერთიანებთ მათ ყველაზე მეტად?
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: ნაციონალური ხასიათის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი აძლევს ტონს ლიტერატურასაც. ასე, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება გავარჩიოთ “ნამდვილი” და “არანამდვილი” ლიტერატურა. ნამდვილი ლიტერატურა ნაციონალური ხასიათიდან გამომდინარე ღრმავდება და იზრდება ზოგადკაცობრიულისაკენ. ყალბი ლიტერატურა კი ფსევდოზოგადკაცობრიულიდან გზას ვეღარ იკვლევს ვეღარც ნაციონალური ნიადაგისაკენ და ამდენად, უნიადაგო და უსუსური რჩება ყველა სფეროში.

ნამდვილი ქართული ლიტერატურა ცურტაველიდან დღემდის ჩვენი ეროვნული ხასიათის ზემოხსენებული ასპექტით დანახვაა, ამიტომაც ეგზომ შინაგანად ორგანული იყო ქრისტიანობა ქართველი ერისთვის. ქართველი ადამიანი დოგმების სისტემატური ჩიჩინის გარეშე ორგანულად, თანდაყოლილად შეიგრძნობდა ევენგელური მოძღვრების სისწორეს და ცხოვრებისეულად ახორციელებდა მას, მისთვის უცხო იყო რაიმე უკიდურესობების გამოვლინება, ფანატიზმი, ან წმინდანობის ნიღაბი, რომლებიც მხოლოდ იქ იჩენს თავს, სადაც რწმენის ნაკლებობაა, ან ქვეცნობიერი დაეჭვება. ნიღაბი იქ ხდება საჭირო, სადაც სახე არ არის. ამიტომაც არა გვაქვს ქართულ ენაში სიტყვა „Hypocrite“, „ხანჟა“. სიტყვა “მოწმინდანო” ხელოვნურადაა შექმნილი. „ხანჟობა” როგორც ასეთი უცხო იყო იმ ერისთვის, რომელიც მთლიანად, როგორც ერთი კაცი, ეწამა ქრისტიანული რწმენისათვის, რომელმაც წარმოშვა ათი ათასობით მოწამეები, რომელმაც თავის ისტორიულ ამოცანად დაისახა ქრისტიანული იდეალის განხორცილება ცხოვრებაში, აზროვნებასა და ხელოვნებაში.

ამ ფაქტის ვერგაგებას ემყარება რუსთაველის ქრისტიანობის უარყოფაც. ქრისტიანული ლიტერატურის უცილობელ ატრიბუტად ზოგიერთს მიაჩნია დიდაქტიური ქადაგება დოგმებისა. რუსთაველის პოემაში ქრისტიანობა შინაგანი, ცხოვრებისეული მამოძრავებელი ძალაა. იგი იმდენად ორგანულია ავტორისათვისაც და მისი გმირებისთვისაც, რომ არ საჭიროებს მათის მხრივ დოგმების შესახებ თეორეტიზებას. იგი მათ სისხლშია, მათ ძარღვებში, მათ სუნთქვაში. გალაქტიონმა თქვა: „წვეთი სისხლი არ არის ჩემში არაქართული“. რუსთაველი კი უთუოდ დასძენდა „წვეთი სისხლი არ არის ჩემში არაქრისტიანული.”
სიტყვა „ხანჟა“-ს უქონლობა კიდევ ერთი ფაქტორით არის განპირობებული. “ხანჟობა” იქ იჩენს თავს, სადაც თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა არ არის. ქრისტიანული იდეალი კი მხოლოდ იქ ხორციელდება მთელი სისრულით, სადაც პიროვნების სრული თავისუფალებაა, სადაც ადამიანი თავისუფალი ნებით ეუბნება “ჰოს” სულიერ სამყაროს, სადაც იდიალის სამსახური იძულებით თავზე მოხვეული უღელი როდია, არამედ პიროვნების ორგანული მოთხოვნილება, მისი ერთადერთი გზა (აქ გავიხსენოთ დოსტოევსკის „დიდი ინკვიზიტორი“). ევენგელური დევიზი: „ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ“ უნდა გადაიქცეს არა მარტო ცხოვრებისეულ კრედოდ, არამედ თავად ცხოვრებად.

რა შობს მოყვასისათვის თავგანწირვას? სიყვარული, ყოვლისმომცველი, უსაზღვრო სიყვარული ადამიანისადმი. რა შობს თავისუფლებას? იგივე სიყვარული, ოღონდ სიყვარული უზენაესი ჭეშმარიტებისადმი. სად არიან ჩვენში მოწმენი უზენაესი ჭეშმარიტების სიყვარულისა? ესენი არიან გელათის აკადემიის აწ დახავსებული კედლები, ეს გახლავთ იყალთოს კიპარისების მისტიური სიჩუმე. სად არიან მოწმენი მოყვასისათვის თავგანწირვისა? ესენი გახლავთ ველები ანისისა, დიდგორისა, ბასიანისა, მანციკერტისა, მარაბდისა, კრწანისისა.

ახლა კი პირველთქმულს მივუბრუნდეთ. გურამ რჩეულიშვილის ტრაგიკულმა აღსასრულმა აღმიძრა ამგვარი ფიქრები ქართველი ადამიანის ხასიათთან დაკავშირებით. იგი დაუფიქრებლად გადაეშვა აბობოქრებულ ზღვაში რუსი ჭაბუკის გადასარჩენად. ის ჭაბუკი შემდეგ ვერტფრენმა ამოიყვანა, გურამი კი დაიხრჩო…
უნებლიედ გვახსენდებიან სხვა ახლახან დაღუპული ქართველი ალპინისტები, განა მათი დაღუპვის მიზეზი მათი მდარე ოსტატობა იყო? არა, ეს გახლდათ სიმამაცე მოყვასისათვის თავგანწირვაში. ასეთები იყვნენ თემურ კუხიანიძე, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, მიხეილ ხერგიანი… მათი სახელის ხსენებისას უთუოდ გაგახსენდებათ დიდი რუსთაველი:
„მე იგი ვარ, ვინ საწუთროს არ ამოვკრებ კიტრად ბერად,
ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად“.
ეს სიტყვები უთუოდ ეპიტაფიად გამოადგებოდა გურამ რჩეულიშვილს!

გურამ რჩეულიშვილის მთელს არსებაში ხშირად მოვარდნილი სტიქიის მსგავსად ვლინდებოდა ის პრომეთესეული ცეცხლი, რომელსაც განათლებული ევროპელები ერთხმად უწოდებენ კოლხური, ქართული ხასიათის ძირეულ მახასიათებელს. რა არის პრომეთესეული ცეცხლი, თუ არა ცეცხლი სიყვარულისა, თავგანწირვისა? განა რად მიაჯაჭვეს პრომეთე – ამირანი კავკასიის ქედზე? იქნებ მივიღოთ მითიური ტიტანი ერის სულის პერსონიფიკაციად?
ჩვენი დროის ნაკლი ის გახლავთ, რომ მითოლოგიას ორგანულად აღარ განვიცდით.
მითის სამყარო მრავალთათვის ხელოვნური, ცხოვრებისეულ რეალობას მოწყვეტილი სამყაროა, სინამდვილეში კი მითის ცოცხალი განცდის დაკარგვა უკიდურესი გაფილისტერებაა ადამიანისა, ესაა თანამედროვე ინტელექტუალური ცხოვრების კრიზისისა და გაბერწების უმთავრესი მიზეზი. მითოლოგიაში მოცემულია კოსმიური და ადამიანური ყოფის არქეტიპული მოდელები. სწორად გაშიფრული მითი ადამიანური ცხოვრების მრავალ საიდუმლოს ხდის ფარდას.

კიდევ ერთი სისუსტე გვჩვევია ადამიანებს: როდესაც ჩვენს გვერდით უჩვეულო ადამიანი დადის, ჩვენ მუდამ მისი „ჩვეულებრივი” შტრიხების ძებნითა ვართ გართული, ხოლო ყოველივე ის, რაც გვეუცხოება მასში, გვსურს „უცნაურობის,” „ორიგინალობის თამაშს” “ან პოზას” მივაწეროთ. თუმც ერთი რამ გვათავისუფლებს ხოლმე ამგვარი ფილისტერული ახლომხედველობისაგან: ეს არის სიკვდილი ამ ადამიანისა. პირუკუ, სიკვდილი ხშირად მეორე უკიდურესობაშიც კი გვაგდებს ხოლმე.
——–
* ამას წინათ „ვეფხისტყაოსნის“ მონღოლი მთარგმნელი დაიღუპა ავტოკატასტროფაში. მან ბავშვი გადაარჩინა და თავად დაიღუპა. რაოდენ სიმბოლურია ეს ამბავი, განა არ ადასტურებს ეს ჩვენი დებულების სისწორეს საოცარი სიცხადით.”