27 ივლისი, 2018

ასეთი იყო ვაჟა ფშაველას უკანასკნელი დღე

ასეთი იყო ვაჟა ფშაველას უკანასკნელი დღე27 ივლისი ვაჟა ფშაველას გარდაცვალების დღეა. ამ დღეს თბილისში ჩარგლის ნატრული პოეტი მარადოსობას შეუერთდა.

ლელა რაზიკაშვილი, ვაჟა ფშაველას შთამომავალი:

“დღეს წავიდა!

27 ივლისს, ბალახებით და პატარა ყვავილებით მორთულ იატაკზე დარჩა!

არადა დღე-დღეზე ჩარგალში ასვლას აპირებდა, ახალი სარკმელის შეკვეთაც მიუცია, უნდა გავადიდოო!

ვერ დაიტევდა ვერანაირი სარკმელი მის სარგო სინათლეს და ყველაზე დიდ სინათლეში წავიდა!

ჩვენც დიდი სინათლე დაგვიტოვა, ყველას რომ გვეყოფა ისეთი!”

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს გიგი ხორნაულის წიგნიდან ,,ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი”:

,,ვაჟამ ვეღარ მოითმინა და ახლა მინდვრის ყვავილი-ბალახი ინდომა, ინდომა იმიტომ, რომ მთაში მათი ხილვის იმედი აღარ ჰქონდა, წყალიც იმიტომ ითხოვა და მოწყალების დას, ანიკო კობიაშვილს სთხოვა:

– თუ ღმერთი გწამს, ლოგინი იატაკზე გამიშალე და გარშემო ეს მინდვრის ყვავილები დამიყარეო.
თხოვნა მაშინვე შეუსრულეს – იატაკზე დაუგეს ლოგინი და ირგვლივ მინდვრის ყვავილები და ბალახი მიმოუბნიეს.

ამ ყვავილიანმა საწოლმა, თავის საყვარელ არსებათა შორის წოლამ, კიდევ მოაცოცხლა ვაჟა, თავი კარგად იგრძნო, ხალისიანად საუბრობდა ჩარგალზე, თავის ყოფაზე, თავის საქმიანობაზე, შიგდაშიგ ოხუნჯობდა კიდეც.

ცოტა წათვლიმა. შუაღამის შემდეგ მოწყალების დას ჰკითხა, რომელი საათიაო? სამიო რომ უთხრეს, – მიკვირს სამ საათაამდე როგორ ვიცოცხლეო, – ჩაილაპარაკა, – ეს ჩემი უკანასკნელი საათიაო.

მერე რაღაცის ჩურჩული დაიწყო თვალდახუჭულმა, მილუშულმა. დამლაგებელმა, ვინმე მაისურაძის ქალმა, ყური ახლოს მიუტანა და გაარჩია ძლივს გასარჩევი სიტყვები. ვაჟა უკანასკნელ ამოსუნთქვასაც ლექსს აყოლებდა:

,,მუხთალო წუთისოფელო,
ტანჯული შვილი გშორდები,
თუ ვინმეს ვალი მიმყვება,
იქიდან გავუსწორდები“

უტყუარი ალღოს და გრძნობის მგოსანი, სულ ოდნავ მოტყუვდა, ესეც ავადმყოფობის ბრალი იყო ალბათ, ექვს საათზე დაჰკარგა გრძნობა და ერთი საათი გასტანა სულთმობრძაობამ, ერთ საათს ეყრებოდა მის ტანჯულ სხეულს ძლიერი სული. საღამოს 7 საათზე ვაჟა ფშაველა გარდაიცვალა.

ეს მოხდა 1915 წლის 27 ივლისს.”