8 მაისი, 2018

“შენი ვარ ყოველგვარ ფათერაკში” – ილია ჭავჭავაძის წერილი ოლღა გურამიშვილს

"შენი ვარ ყოველგვარ ფათერაკში" - ილია ჭავჭავაძის წერილი ოლღა გურამიშვილსილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის სიყვარულზე ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა მათი მიმოწერა სულ სხვა კუთხით გვაჩვენებს წყვილის ურთიერთობას.

“არტინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ წერილს, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს მისწერა:

“ჩემო გვრიტო ოლიკოჯან!

გაიხსენე, ჩემო ანგელოზო, რას გწერდი ჩემს სიღარიბეზე, ჩემს უჩინობაზე და ასე შემდეგ…

მე არც ისე ღარიბი ვარ, როგორცა გწერდი. მე აღმომაჩნდება ჩვენი ცხოვრებისთვის სახსრები, ვიცხოვრებთ ისე, როგორც მრავალნი ცხოვრობენ, მაგრამ მე ვცდილობდი, უფრო ღარიბად მეჩვენებინა თავი, ვიდრე ნამდვილად ვარ.

იცი რატომ? იმიტომ, რომ თუ ასეთი უბრალო რამ შეგაშინებდა, შეგეძლო მაშინვე უარი გეთქვა ჩემთვის. მე ასეთი ცოლის ყოლას არ მოვინდომებდი. გარდა ამისა, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შენ ადამიანს უყურებ არა როგორც ოქროებით გატენილ ზანდუკს ან ჯვრებითა და ვარსკვლავებით მორთულს აბრას, არამედ, როგორც ღვთის მიერ შექმნილს არსებას, რომელშიც უპირველესად ყოვლისა მისი სული უნდა მზიანობდეს.

დიახ, ოლიკოჯან, შენ ისე კარგი იყავი, რომ დამარწმუნე კიდეც იმაში, რაშიც ადრე მინდოდა დარწმუნება, ამით ისე მიმაჯაჭვე, რომ ვერავითარი ძალა ვეღარ დამაშორებს შენგან, რა თქმა უნდა, შენ თვითონვე თუ არ მოისურვე…

მე შენი ვარ ყოველგვარ ფათერაკში, უბედურებაში, სიღატაკეში, მანამდე, სანამ შენ მე თავისად მიგულებ.

შენი სამუდამოდ ილიკო, გაკოცებ მრავალჯერ!“