3 მაისი, 2018

რეზო გაბრიაძე: “ღმერთო, ნეტავი ეს არ გამეგო”

რეზო გაბრიაძე: "ღმერთო, ნეტავი ეს არ გამეგო"მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი რეზო გაბრიაძე ღმერთმა მრავალმხრივი ნიჭით დააჯილდოვა. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმები თუ დადგმული სპექტაკლები მაყურებელს ძალიან უყვარს.

“არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტს ნაწარმოებიდან “ჩვენი პატარა ქალაქი”, რომლის მიხედვითაც მიხეილ თუმანიშვილმა გენიალური სპექტაკლი დადგა:

“ღმერთო, ნეტავი ეს არ გამეგო, ლეღვის ხის ტოტზე მოხდა სამარცხვინო გაუგონარი რამ, მამალს გააზმორა და ხიდან გადმოვარდა, შერცხვა, ერთი სიკვდილი გაათავა, მიიხედ მოიხედა, არავის დაუნახავს მადლობა ღმერთს დედლებს ძინავთ…

ეს ჩვენი პატარა ქალაქი მდებარეობს, აგერ ა ლიხს იქეთ, მდინარე რიონის პირას. მისი პოეტური ეპითეტია სავარდო, სამაისო. ეგერ ე ბაღის კიდეა, ასე უწოდებდნენ ოდითგან ტროტუარს, ხოლო თვით ბაღს კი ბულვარს. გაღმელი, დახავსებული ხალხი კი გულვარდს. ამ ბაღის საუკეთესო დრომ უკვე დიდიხნის წინათ განვლო. რა არ ახსოვთ ჭადრების ხეივნებს. ახსოვთ პოეტი, ახსოვთ პოეტის ეტლში შებმული სტუდენტები, სუნამოთი დანამული მარაოები, სიმფონიური და აზიური ორკესტრებიც კი ახსოვთ, ქველმოქმედებითი ლატარეები, ღარიბი ბავშვებისათვის ნაძვისხის ფულის შესაგროვებლად.

ახლა ხანდახან თუ ჩაივლის ერთობ სევდიანი ქალბატონი იანგაროზა, კრასნაია მასკვათი მკრთალად დანამული ბარხატის კაბაში გამოწყობილი, მშვენიერი უდროოდ და იოლად წასული საკომისიოს დირექტორის ქვრივი. ეჰ, ნათელი დაადგეს რაფიელს რა სალამი იცოდა, რა ტკბილი სიტყვა. ეგერ ე ეკლარის ქვით ნაგები სახლიდან მუდამ ჟამს გიტარის სევდიანი ხმა ისმოდა. ვენახებით დატყვევებულ ქალაქში ნახევარი მოსახლეობა მთვრალი იყო, მეორე ნახევარი უფრო მთვრალი. ანდა პირიქით. ღორები ქუჩებში სამყურას გლეჯდნენ. ღამღამობით მგლები ტყიდან ტყეში ქალაქის ქუჩებით გადადიოდნენ, მოკლეზე. თეატრში ბილეთებათ ლობიო გადიოდა, სიმინდი, წველა ყველი, შილერზე და შექსპირზე წველა ნახევარი.

ცხენოსნები ტროტუარზე დასეირნობდნენ, უყვარდათ სიტყვები „გრადუზი“, „გენიოზი“. სწამდათ ჭინკების, ჭიამაიების, მარჩიელების, სწამდათ რომ ხოჯავა მეთულუხჩეს ორი გული აქვს და სრიალა კუდი ასე ა წინიდან. ოქროთი სავსე თასით მთელ ქალაქს მოივლიდა კაცი უშიშრად, ურთიერთობა ადამიანებს შორის ისეთი იყო, როგორიც გაჩენის პირველ დღეს.

ბულვარს რომ ჩაივლით კათოლიკების ეკლესიის დაჟანგულ სახურავს დაინახავთ პირამიდალურ კვიპაროსთა შორის, ცოტა მარჯვნივ რაბინმა რომ ტროტუარზე ჩაიარა, სინაგოგა მოსჩანს, აქეთ კი გამჩენის დიდებული საჩუქარი წარმოგვიდგება მეათე საუკუნეა დგას კუთხეებ დაბლაგვული, პერანგ გახეული მონასტერი, სამკედლოვანი და თაღიანი. აქეთ შეიძლება თამარ მეფის საფლავიც იყოს.. ა?

იმისდროინდელი მუხნარი ისევ შრიალებს. საცაა გათენდება. ეგერ ე თითქოს მუჭიდან დაყრილ გორაზე მყუდრო სასაფლაოა რომელზედაც ბარე ორად დამსწრე მაყურებელს ყავს მიბარებული თავისი მიცვალებული. რამდენი ადამიანი წავიდა მოუსვლელში, რამდენი ოცნება დარჩა იქ იმ გორაზე, მწუხარება სიყვარული, გაცრუებული იმედი.

ეგერ ე ეიმ მთის ძირას პატარა მდინარე დაბნეული რო გამოვარდება ხოლმე ცხოვრობენ ჩვენი პოლონელები იაბლონსკები, მიცკევიჩები, ბელეცკები დიდებული, მშვენიერი გვარები. მას შემდეგ რაც მათმა დაქვეითებულმა შთამომავლობამ რილების წარმოებას მიჰყო ხელი ჩვენში ღილს ფოლაქი ეწოდა. აქეთ კი ქარში გადაგდებული რკინიგზის სადგურია.”