22 მაისი, 2018

ლევან აბაშიძე – ფრესკიდან გადმოსული ვაჟკაცი

ლევან აბაშიძე - ფრესკიდან გადმოსული ვაჟკაციმსახიობ ლევან აბაშიძეზე ბევრი თქმულა და ბევრიც დაწერილა, თუმცა არის თემები, რომლებიც  ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. მასზე გატაცებით საუბრობენ მისი კოლეგები, რეჟისორები, მეგობრები…

”არტინფო” რამდენიმე ჩანაწერს გაგაცნობთ:

გუგული მგელაძე, რეჟისორი:

“ჩემს ფილმში “ფესვები” დოდო აბაშიძეს და ლევან აბაშიძეს რომ უნდა ეთამაშათ, ეს თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა. სუფთა პიროვნებები იყვნენ და ამიტომ. თვალებში სული ირეკლება. ლევანი ჩემი ვაჟის ახლო მეგობარი იყო, უხმო კაცი, უთქმელი, ზღაპარი, სუფთა ადამიანი. მეც ვმეგობრობდი მასთან როგორც შემეძლო.

საფრანგეთში თერთმეტი დღით ვიყავით წასული თერთმეტი კაცი „ფესვების” გადაღებაზე. ჩვენი სასტუმროს პირდაპირ იტალიელების რესტორანი იყო. ალბათ, იფიქრეს, რადგან კინოს იღებენ, მილიონრები იქნებიანო და ორი-სამი დღის განმავლობაში უფასოდ გვეპატიჟებოდნენ იმ იმედით, რომ მერე თვითონ დავიწყებდით იქ სიარულს. მაგრამ, ბოლოს, რომ დარწმუნდნენ, ჯიბეგამოფხეკილი საბჭოთა კინემატოგრაფისტები ვიყავით, ხელი ჩაიქნიეს. მერეც გვეპატიჟებოდნენ დოდო აბაშიძე მოეწონათ. სოსო ჯაჭვლიანი ბოლოს ისე გაშინაურდა, უკვეთავდა და უკვეთავდა ღვინოს, ფული კი არ ჰქონდა. მერე ფულიც გაგვიჩნდა. გადაღებებზე ორი-სამი კაცი მივდიოდით ხოლმე, დანარჩენები საყიდლებზე გარბოდნენ. ერთადერთი, ლევან აბაშიძე არ გაჰკარებია მაღაზიებს, ფრანგი გოგოები წაიყვანა რესტორანში და მთელი ფული მათ დაახარჯა.

ჩემი შვილის სადიპლომო ფილმი იყო „არა, მეგობარო”. მთავარ როლში ლევან აბაშიძე იყო. გადაღება 1992 წელს დაიწყეს. შუა გადაღებისას ლევანი ომში წავიდა და მეორე დღესვე აფეთქდა მეგობრებთან ერთად. ფილმი უნდა გაგრძელებულიყო. ყველა, მათ შორის მეც, ვურჩევდით, ლევანის გარეგნობის მსახიობი ენახა და ფილმი დაესრულებინა. გავიდა ერთი, ორი თვე. ფილმის გადაღება გააგრძელა ოპტიმალური ვარიანტით ლევანს „სუბიექტური კამერა“ თამაშობდა. ასეთმა გადაწყვეტამ განაცვიფრა ობერჰაუზენის ფესტივალის ჟიური და ფილმმა გრან-პრი აიღო.”

***

მსახიობზე ყოველთვის დიდი გულისტკივილით საუბრობს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე და მას ფრესკიდან გადმოსულს ადარებს. რეჟისორი მოუწოდებს ყველას, რომ შეასრულონ მთავარი ვალდებულება ამ ნიჭიერი და ულამაზესი მსახიობის მიმართ – არ დაივიწყონ ქართული გენის ეს ნამდვილი მშვენება.

***

მსახიობი ნატა მურვანიძე და ლევან აბაშიძე ერთ ეზოში იზრდებოდნენ, ამიტომ მას კოლეგაზე მოსაგონარიც ბევრი აქვს:

“პირველად რომ ვნახე, ალუბლის ხეზე იჯდა და იქიდან გადმომძახა: ეი, ალუბალი არ გინდა?! იმდენად ლამაზი იყო იმ ალუბლებში, გული შემეკუმშა. ჩვენს ეზოში ბროწეულის ხე დგას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დარგეს, მაგრამ ის არასოდეს ყვაოდა. ვიღაცამ გვითხრა, ხე შეაშინეთ და აუცილებლად მოისხამს ნაყოფსო. ლევანმა ცული მოუქნია ხეს, მე ვეხვეწებოდი, არ მოჭრა, წელსაც ვაცალოთ-მეთქი. ბროწეული მართლაც აყვავილდა. ლევანი ჩვენთან აღარაა, მაგრამ ხე ყოველ წელს ყვავილობს.”

***

ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, ლევან აბაშიძემ 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა, აქედან ბოლო 3 დაუსრულებელი დარჩა. თავისუფლება როგორც ცხოვრებაში, კინოშიც უყვარდა, ამიტომაც რეჟისორები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ იგი ზედმეტად ნატურალური იყო.