11 მაისი, 2018

გიორგი შენგელაიას საინტერესო ისტორია ნიკო ფიროსმანზე

გიორგი შენგელაიას საინტერესო ისტორია ნიკო ფიროსმანზერეჟისორ გიორგი შენგელაიას მიერ გადაღებულ ფილმებს თავისუფლად შეიძლება ქართული კინემატოგრაფის გამორჩეული და უმნიშვნელოვანესი ფილმები ეწოდოს.

“ალავერდობა”, “ვერის უბნის მელოდიები”, “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, “ხარება და გოგია”, “მაცი ხვიტია”, “სიყვარული ყველას უნდა” – ეს გიორგი შენგელაიას მიერ გადაღებული ფილმებია.

თუმცა თავად რეჟისორს მიაჩნია, რომ მისი ფილმი “ფიროსმანი” სულ სხვანაირი ნამუშევარია. ფილმის შექმნას კი თავისი წინაპირობა უძღოდა.

გიორგი შენგელაია:

„ყველას ვიღაც გვიყვარს. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება იყო ჩემთვის ფიროსმანი. მწერლებს, სადაც დედას სტუმრად დავყავდი, სახლში ყველას ეკიდა ფიროსმანის ნახატები. რომ ვუყურებდი, რაღაც ხდებოდა ჩემში, არ მესმოდა რა, მაგრამ ეს ნახატები მაღელვებდა. ეს მერე გავიაზრე და დიპლომის წინ გავაკეთე ათწუთიანი ნამუშევარი ფიროსმანზე.

ფიროსმანის გარდაცვალებიდან მეოთხე წელს გოგლა ლეონიძემ მთელი თბილისი დაიარა; ფიროსმანის მეგობრებს ხვდებოდა და აყოლებდა ისტორიებს. მისი ტანჯული ბიოგრაფია რომ წავიკითხე, პასუხისმგებლობა ვიგრძენი და გადავიღე ფილმი.

მისტიკური დამთხვევა იყო ის, რომ ავთო ვარაზმა განასახიერა ფიროსმანი. ავთო ამ ფილმზე ავიყვანე როგორც დამდგმელი მხატვარი. ერთი ღვთისნიერი ასისტენტი მყავდა, ავთო მაჩაიძე. ფიროსმანის როლზე რა მსახიობებს ეძებ, გაიხედე გვერდზეო და ვარაზზე მიმანიშნა. დოკუმენტურ ფილმს კი არ ვაკეთებ-მეთქი, გავიხუმრე.

ავთო ცხოვრების წესითაც ფიროსმანს ჰგავდა და ისე მოკვდა, როგორც ნიკალა. ისეთი მორცხვი და მორიდებული კაცი იყო, ვიფიქრე, კამერის წინ ვერ დადგება და ტექსტს ვერ იტყვის-მეთქი. მეორე ეგეთი ხმა, მას რომ ჰქონდა, უშანგი ჩხეიძისგან მომისმენია მხოლოდ. გონიერი ხმა ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ მორცხვი სულაც არ იყო, ფიროსმანს თამაშობდა და პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა. ბევრ რამეს იტანდა, გადაბმულად 12 საათსაც ვიღებდით. შედეგიც მივიღეთ“.