26 მარტი, 2018

გურამ დოჩანაშვილი: ”თუ გაინტერესებთ, მოგახსენებთ კიდეც”

გურამ დოჩანაშვილის ”იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი”მწერალი გურამ დოჩანაშვილი თავისი ნაწარმოებებით ადამიანებს ერთმანეთის სულ სხვა კუთხით დანახვის შესაძლებლობას აძლევს.

„იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“ – ეს არის მწერლის ერთ-ერთი მოთხრობა, რომელიც მკითხველში დიდი მოწონებით სარგებლობს.

”არტინფო” გთავაზობთ ამონარიდებს გურამ დოჩანაშვილის ამ ნაწარმოებიდან:

***

ჩემი პრობლემა ძალიან რთულია და თუ გაინტერესებთ, მოგახსენებთ კიდეც: მე მინდა, რომ ჩემი ხელშეწყობით ადამიანები გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან, რა თქმა უნდა, ყველას კი არ ვგულისხმობ; ეს მხოლოდ ჩემს ნაცნობებს შეეხება, ყველას სად გავწვდები, მაგრამ ეს რთულია, – ჰეე, როგორი რთული. ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ – კარგი.

***

ცხოვრებაში ძალიან ძნელია, კაცი რომ გამოიცნო, ლიტერატურაში კი, იცოცხლე, გაგიხარია – გმირი ან ცუდია, ან კარგი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმცირესობაა მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი, უმრავლესობა კი ცუდ-კარგია… ასეთია შინაარსობრივად ჩემი აზრი, ამ ცუდ-კარგებს კი მოფერება უნდა, გაგება უნდა, დაყვავება; გაწყრომაც კი უნდა ხანდახან, დარიგებაც — მთავარია, უშუალო იყო. გაპრანჭულ ხალხს ვერ ვიტან, ის რა კაცია, სანამ პასუხს გაგცემს, ჯერ გუნებაში რომ აწონ-მოწონის და მერე ვერცხლის ლანგრით ჭკვიანურ პასუხს მოგართმევს — იმისი სიტყვა სხვაა, ის არაა ნამდვილი სიტყვა.

***

მთავარია ძიება, დაკვირვება და პირდაპირობა.