Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი კალანდია: “რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია”

მაქმანებიანი ბიჭუნას პორტრეტი ხელოვნების სასახლემ შეისყიდახელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს შენაძენზე ავრცელებს ინფორმაციას და მის ნახვას ყველას ურჩევს:

“რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია – ეს ულამაზესი მაქმანებიანი ბიჭუნა, ოდნავ ღიმილიანი და სევდიანი მზერით…

ზუსტად ვინ არის ვერ გეტყვით, გამყიდველი ამბობდა ოლდენბურგელი პრინციაო, თუმცა აგრაფინას და კონსტანტინეს შვილი რომ ვერ იქნება ცხადია, რადგან ნახატს 1875 წელი უწერია თარიღად, მაშინ ჩვენი წყვილი ჯერ კიდევ არ იცნობდა ერთმანეთს.

უცნაური ისტორია აქვს ამ ნახატს: ერთი წლის წინ მოვინდომეთ მისი ყიდვა, მაგრამ უფულობის გამო ვერ შევძელით, თუმცა ეს სევდიანი გამოხედვა მოსვენებას გვიკარგავდა მუზეუმის თანამშრომლებს და თვეში ერთხელ მივდიოდით ანტიკვარულ მაღაზიაში ნაცნობ კედლეზე, ნაცნობი მზერის სანახავად…

ერთ დღესაც ბიჭუნა კედლიდან გაქრა! “რუსეთში წაიღოო გასაყიდად პატრონმა,” – გვითხრა მაღაზიის მფლობელმა… ზუსტად იმ დღეს ერთწლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდთან, რომლის თანახმადაც ყოველ თვე ჩვენს მიერ შერჩეულ თითო ხელოვნების ნიმუშს გვიყიდიდა ფონდი. ხელშეკრულების ხელმოწერიდან თითქმის ყოველ კვირა მივდიოდით მაღაზიის მფლობელთან იმ იმედით, რომ ჩვენს ბიჭუნას დავიბრუნებდით. ის კი თავს ცივად გვიქნევდა და გვეუბნებოდა: “ოლდენბურგელი პრინცი” შორეულ მოსკოვშია და სამშობლოს სამუდამოდ დაემშვიდობაო.” ერთხელაც შევბედე და ვთხოვე, თუ არ გაყიდულა, პატრონს დაელაპარაკე. იქნებ დააბრუნოს და ორმაგს გადაუხდის ფონდი-მეთქი, ვცდიო მითხრა გამყიდველმა და გასული წლის შემოდგომის ერთ მშვენიერ საღამოს იმედიანი ღიმილით დამემშვიდობა.

თებერვლის თვეში ხელშეკრულება უკვე სრულდებოდა, ბოლო ნივთი ჯერ არ გვეყიდა… ტელეფონზე ნაცნობი ანტიკვარის ნაცნობმა ნომერმა დარეკა, “ოლდენბურგელი ბიჭი დავაბრუნეო”, მომახარა რიხიანი სიტყვებით და შევატყვე ხმაში სიხარულის თუ სიამაყის ბურთი ახრჩობდა. მუზეუმის მთელი “მხედრობა” ავიშალეთ და მაღაზიის მფლობელთან წავედით…

ნამდვილად ის იყო, თხელი, სიფრიფანა მაქმანებით, სევდიანი გამოხედვით და ტუჩებში ოდნავ შეპარული ღიმილით. ქვეჩარჩოზე რუსეთში მგზავრობის დაღი ახლაც ეტყობა, ტრეტაიკოვის გალერეის საექსპერტო ბიუროს ბეჭედი ნომრით 347856-21 რაც იმის დასტურია, რომ შემოწმება წარმატებით გაიარა და ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ ნამუშევრად აღიარეს. აღიარეს, მაგრამ ვერ დაიტოვეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ქართველებმა ვივაჟკაცეთ, ყველამ ერთად – მუზეუმმა, მეპატრონემ, გამყიდველმა, სამინისტრომ და ფონდმა, ალბათ თავად ბიჭუნამაც.

ჰოდა, დავიბრუნეთ, დღეს თბილისშია, ხელოვნების სასახლის ოქროსფერ დარბაზში, არ გჯერათ? “მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან, შემამკობელმან”. სწორედ ამაზე უთქვამთ “ძალა ერთობაშიაო”!