10 თებერვალი, 2018

გურამ დოჩანაშვილი: “ყველაფერს გეტყვით”

გურამ დოჩანაშვილიგურამ დოჩანაშვილი მკითხველთა სიმრავლით და სიყვარულით ნამდვილად განებივრებულია.

მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მათგან ყველაზე გამორჩეულია “სამოსელი პირველი” და “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”.

“არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტს მწერლის ნაწარმოებიდან “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”:

“…ყველაფერს გეტყვით – ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა… ვისზედაც უნდოდა, იმაზე გავეცვალე, ნებისმიერ ადამიანზე – იქნებოდა ეს ტანმორჩილი, გამხდარი ინტელიგენტი თუ დიდხელება გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი თუ მუშა, ალალი ღიმილით სახეზე, ანდა, თუნდაც ფიზიკოს-ლირიკოსი, ბოლო დროს გაჩნდა ადამიანთა ასეთი კატეგორიაც, არ ვიცი, რა აქვთ საერთო ერთმანეთთან, რითმის გარდა და, მოკლედ, ვინც გინდა ის ყოფილიყო, მაგრამ არა, არაა, სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაზე, ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან – თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას…

ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა… “მოიისფრო”, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა… “გავძეხი”, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა “მაშასადამე”…