12 იანვარი, 2018

მურაზ მურვანიძე ხელოვნების სასახლეში

14 იანვარს, 19 საათზე, პირველად საქართველოში, ხელოვნების სასახლე საქართველოს სახალხო მხატვრის, სახელმწიფო და საერთაშორისო პრემიების ლაურეატის, თბილისის საპატიო მოქალაქის მურაზ მურვანიძის გამოფენას მასპინძლობს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც იტალიის, საფრანგეთის, რუსეთის, კანადის, აშშ-სა და საქართველოს თეატრებში დადგმული სპექტაკლების ესკიზებს აერთიანებს.

თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტის თეატრალურ-დეკორატიული განყოფილების დასრულების შემდეგ, მურაზ მურვანიძემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა, რასაც პეტერბურგის ისტორიული „მარიას თეატრი“ და სხვა დიდი წარმატებები მოჰყვა.

მურაზ მურვანიძე არის სახელმწიფო, პიკასოს, ლინკოლნის ცენტრის, ჩიკაგოსა და სხვა მრავალი საერთაშორისო პრემიების ლაურეატი; საქართველოს (1963), პოლონეთის (1977), კანადის (1986), საფრანგეთისა (1977) და აშშ-ს (1989) თეატრალური სეზონების საუკეთესო მხატვარი; სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის, მონტე კარლოს საერთაშორისო მუსიკალური ასოციაციის, ძველი და ახალი მონტე კარლოს (1990-1993) მთავარი მხატვარი. იგი მუშაობდა მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო, საოპერო და საბალეტო თეატრებში.

ხელოვანი თავისუფლების მოედანზე, წმიდა გიორგის მონუმეტზე აღმართული საახალწლო დეკორაციისა და მთაწმინდის პარკის, „ბომბორას“ ავტორია.

მურაზ მურვანიძის ნამუშევრების გამოფენა ხელოვნების სასახლეში 1 თვე გაგრძელდება.