6 იანვარი, 2018

მარიამ ხაჭვანი: ”რას გვერჩიან, ვინმე გაგვაგებინებს?”

კითხულობს რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:

“მთელი ღამის უძილო, საშინლად გამწარებული და გაბრაზებული ვწერ ამ სტატუსს!

ყველამ თუ არა უმეტესობამ მაინც იცის, რომ ვარკეთილი 3 მიკრო რაიონის მერვე განყოფილების პოლიციამ, რომლის პოლიციის მუშაკები გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიით მოქალაქეების მიმართ, ორი წლის უკან ოთხი ოჯახის წევრი დამიჭირეს, ვიღაც უგუნური პოლიციელების უვიცობის გამო ჩემ ოჯახის წევრებს დაარქვეს “სვანური დაჯგუფება”, გამოიწვიეს ბიჭები, მიაყენეს შეურაცხყოფა… (ესეც ნაწილობრივ ჩემი ბრალი, ფილმში გადასაღებად ჩამოვიყვანე უშგულიდან ბიჭები და იმ ღამესვე დაიჭირეს).

დღეს, ამ ბიჭებს პრობაციები აქვთ, მონაწილეობენ ჩემს სრულმეტრაჟიან ფილმ “დედე”-ში და ვერ დადიან ფესტივალებზე, იმიტომ რომ საზღვრის გადაკვეთის ნებართვას ფული სჭირდება…

ვინც არ იცის შევახსენებ, რომ ამ ფილმმა საქართველოს ბევრ ქვეყანაში მოუტანა სახელი, ფილმი ეხლა ათენში გადის და ასევე გავა ათამდე ქვეყნის კინოთეატრებში (ამ ეტაპის მდგომარეობით) აღებული აქვს 11 პრიზი და მათ შორის აზიის ოსკარზე მოიგო იუნესკოს პრიზი, როგორც კულტურული მრავალფეროვნება, იმედია გესმით რა მნიშვნელობა აქვს ამ ჯილდოს ქვეყნისთვის!!!

წუხელ, ჩემმა ორმა ოჯახის წევრმა (ერთ-ერთი პრობაციონერი), გადმოჭრა გზა ჩვენი სახლისკენ სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში. (შოკოლადზე გავაგზავნე მაღაზიაში, სცენარზე ღამე ვმუშაობ, მაპატიეთ…)

დეტალურად ვწერ:

ბიჭებს ფეხებთან უმუხრუჭებს მოძრაობის საწინააღმდეგოდ წამოსული პოლიციის მანქანა, მანქანიდან სამი პოლიციელი გადმოდის და ერთი ახალგაზრდა (ახალბედას ძალა ერჩოდა 30-35 წლის, მაღალი) ბიჭებისკენ გაიწია და პირადობა მოსთხოვა, ერთმა ბიჭმა (მათ მიერ ერთხელ უკვე გაწირულ პრობაციონერმა) უთხრა, რომ აქვე ვცხოვრობ და ჩამოვიტან პირადობას, რა დროსაც პოლიციელმა სახეში მაგრად გაარტყა, პრობაციონერმა მის თანმხლებს უთხრა, რომ მობილურით გადაეღო ვიდეო, მეორე ბიჭმა მობილური ამოიღო, გადაღების დასაწყებად, რა დროსაც პოლიციელმა მასაც სახეში სილა მაგრად გააწნა და ტელეფონი დააგდებინა, ბიჭს უნდოდა მიწიდან აეღო ტელეფონი, რის მერეც პოლიციელი იარაღით დაემუქრა ,,გესვრიო”, არ აიღოო და დაიწყო გინება.. (ერთ-ერთ მათგანს სახეზე ხელი ეტყობოდა).

მე ხმაური გავიგე და მაშინვე გავედი, ვერ ვიჯერებ, რატომ არ გაუსწორდნენ პოლიციელებს სამაგალითოდ ეს ბიჭები (უპრობლემოდ მიაკრობდნენ ასფალტზე სამივეს).

მაგრამ დედაჩემის და ჩემს დანახვაზე პოლიციელები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.

რა თქმა უნდა, ბიჭებს დაჭერის მიზეზი ვერ უნახეს, გაჩხრიკეს, მერე ერთ-ერთი განყოფილებაში მიჰყავდათ გადავამოწმებთო და ჩვენ რომ დაგვინახეს გაუშვეს. (მიუხედავად იმისა, რომ ერთ- ერთი-მათგანი უკვე ხმამაღლა ყვიროდა რა გინდათო, ვიდეოს გადაღებას მთხოვდა) პოლიციელები იმედგაცრუებულები დაბრუნდნენ. მაგრამ მდგომარეობის შესასწავლად ისევ ჩვენს ქუჩაზე ჩამოიარეს, შეშინებულები ჩვენ რეაქციებს აკვირდებოდნენ, რა დროსაც მანქანის ნომრები ამოვიწერე!

(იმ წუთას ისეთ შოკში ვიყავი, ვერ ვხდებოდი რა მოხდა, ერთი ასეთი სიმწარე უკვე გამოვიარე, ჩემ თვალწინ დაიჭირეს მაშინ ოთხივე).

ორი კვირის უკან, დედაჩემი იყო ცუდად, წამალზე გაიქცნენ ბიჭები მანქანით, აქეთობისას პოლიცია დაედევნა და სახლის კარებთან გაუჩერა მანქანა და ბიჭებს გამოწვევა დაუწყო!

ხელები მიკანკალებს ისეთი აღელვებული ვწერ ეხლა…

მაინტერესებს, როდემდე უნდა გრძელდებოდეს ამ ქვეყანაში მსგავსი ქმედებები???

მოვუწოდებ პრემიერს, გადაამოწმოს ვარკეთილის 3-ის მერვე განყოფილება, ამ პოლიციელების ამგვარი ქმედება მთლიანად სისტემას აყენებს ეჭვის ქვეშ!!!
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიძებნებით ვარკეთილის მერვე განყოფილებაში!!!

რატომ არ გვაცდიან ცხოვრებას? ისედაც დიდი ტრაგედიები გადავიტანეთ!!!
რას გვერჩიან, ვინმე გაგვაგებინებს?
მეგონა, რომ ორი წლის წინანდელი კოშმარი დამთავრდა, კოშმარი, რომელსაც ნაწილობრივ ჩემი უძვირფასესი ბიძის სიცოცხლე (რამაზ ჩარკვიანი) შეეწირა!!!
სახლში ისე არ მოვსულვარ, სასწრაფო რომ არ დამხვედროდა!!!
დაუსჯელობის სინდრომი ყველაფრის უფლებას რატომ აძლევს ზოგიერთ პოლიციელს???
რატომ აბოროტებენ ახალგაზრდებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ???
რატომ იჭერს უდანაშაულო ახალგაზრდებს???

ზუსტად ასეთი პოლიციელების გამო, პოლიციამ დაკარგა ხალხში სახელი!
რატომ გვაიძულებთ დავტოვოთ საქართველო?!
მოვითხოვ, ამ პოლიციელების სამაგალითოდ დასჯას.
ვწერ მანქანის ნომერს:
OT-398-TO
გენისპექციაში დარეკილია!!! მიეცით პასუხისგებაში!!!
სამწუხაროდ, ყოველღამე თუ არა, ხშირად გვიწევს უმეტესად აფთიაქში და მაღაზიებში ბიჭების გაგზავნა!!!
(ვინც ჩვენი ოჯახის მდგომარეობა იცის, მიხვდება)
ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს გარეთ გასვლის!
ჩვენ არა!
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არაფერს ვაშავებთ!
საშინლად გამწარებული: მარიამ ხაჭვანი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – ველოდები გამოხმაურებას!!!
ვისაც გინდათ, რომ ეს ქვეყანა ბოლოს და ბოლოს უკეთესობისკენ შეიცვალოს გამოხატეთ თქვენი აზრი ღიად!
თუ ვინმე პატივს მცემს მე და ჩემს ოჯახს დაგვიდეგით გვერდში გთხოვთ.
ვითხოვთ, 333-ე მუხლის მე-3-ე ნაწილით დაისაჯოს ის პოლიციელი, რომელმაც სამსახუროებრივ უფლებამოსილებას ათასჯერ გადაამეტა!

წუხელ, ერთი ზონდერი პოლიციელი ჩემი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა, ისე როგორც ამ ტიპის არაადამიანებს სჩვევიათ!
არ დავჯერდებით ჯარიმას და თანამდებობის დატოვებას,
ვითხოვთ პატიმრობას!!!
ხოლო, დამნაშავე პოლიციელის თანმხლებ ორ კოლეგას ვურჩევდი, გამოძიებას მისცენ რეალური ჩვენება, არ დამალონ ფაქტები, თორემ მე როგორც ვიცი, ხელშეწყობისთვის არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული მუხლი, დანაშაულის ქმედებაში თანამონაწილეობა და იმედს გამოვთქვამ, არ დამჭირდება მათ მიმართ მსგავსი სამართლებლივი ბერკეტების გამოყენება!”