29 იანვარი, 2018

“აუცილებლად ანახეთ ეს ფილმი შვილებს”

ექვთიმე თაყაიშვილიასე აფასებს გადაცემა “ვის უნდა 20 ათასის” წამყვანი მამუკა გამყრელიძე ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმს “ექვთიმე ღვთისკაცი”. ფილმი საქართველოს კინოთეატრებში გადის. მისი მთავარი გმირია ექვთიმე თაყაიშვილი – წმინდანად შერაცხული ადამიანი, რომელმაც უნიკალური ქართული საგანძური გადაარჩინა.

მამუკა გამყრელიძე:

“ახალი ქართული ფილმი “ექვთიმე ღვთისკაცი” ვნახე. მხოლოდ ერთს ვიტყვი – ფილმის ბოლოს პატარა ბავშვივით ვქვითინებდი. აუცილებლად ანახეთ ეს ფილმი შვილებს და შვილიშვილებს. მეც ოჯახთან ერთად ვიყავი მისული.

ნუ მიაქცევთ ყურადღებას ფილმის მხატვრულ ღირებულებას. ის უკიდურესად მწირი ფინანსებით გახლავთ გადაღებული. მთავარი აქ ექვთიმე თაყაიშვილის პერსონაა და ის ადამიანები, ვინც მას გვერდით ედგა. სხვათა შორის, ფრანგებსაც უდიდესი დამსახურება ჰქონიათ ქართული საგანძურის გადარჩენაში. აუცილებლად ნახეთ ფილმი, ნუ დაიზარებთ!

არ ვიცი სხვა წმინდანებს რა სასწაულები აქვთ ჩადენილი ან რა ღვაწლი მიუძღვით, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილმა რომ მართლა ჩაიდინა სასწაული და უდიდესი ღვაწლიც აქვს ღვთისა და საქართველოს წინაშე, ეს უდავოა!

ასეთმა ადამიანებმა მოიტანეს საქართველო დღემდე!”