27 დეკემბერი, 2017

თამაზ ჭეიშვილი: “გისურვებთ დაფიქრებულიყავით”

მწერალი თამაზ ჭეიშვილი ხელისუფლებას წინასაახალწლო სურვილს და მილოცვას პენსიონერთა სახელით უგზავნის:

“ვფიქრობ, მხარს ამიბამენ პენსიონერები, ჩვენ კი ძალიან ბევრნი ვართ! სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 694 572 ასაკით პენსიონერია!

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ დაფიქრებულიყავით… რომ გავა დრო და თქვენც შეივერცხლებით, დაკარგავთ მოქნილობას, აქტიურობას! გახდებით ნაკლებად მომხიბლავი და ,,მოთხოვნადი”!

წლებთან ერთად ბევრ რამეს დაკარგავთ, ჩვენო ძვირფასებო, უპიერველეს ყოვლისა, მეგობრებს! ჯვარი გწერიათ… უკვდავი ჯერ არც ერთი მოკვდავი არ ყოფილა, მითუმეტეს, ქართველი პენსიონერი!

არც კი ვიცით, რა გისურვოთ ხელისუფალთ, რომლებიც ჩვენზე საერთოდ არ ფიქრობთ! 180 ლარით თვიდან თვემდე თავის გატანას გისურვებთ-მეთქი რომ გითხრათ, დაწყევლა გამოვა და ახალ წელს მტერს არ დაწყევლიან!

მოცულობით ტექსტებს არ კითხულობენო, მითუმეტეს თქვენ! სად გაქვთ ბებრული სისულელეების კითხვის დრო?

მოკლედ გეტყვით, პენსიონერთა მრავალათასიანი ,,ჯარის” სახელით გისურვებთ: ჩვენი ხნისანი რომ მოიყრებით, ისეთი ხელისუფლების პირობებში გეცხოვროთ, როგორშიც თქვენ გვაცხოვრებთ დღეს!

თამაზ ჭეიშვილი, პენსიონერთა სახელით!”