25 დეკემბერი, 2017

ბრძოლა ანჩისხატის გადასარჩენად!

ასე უწოდებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია თავისი წიგნიდან ”სამი ქართული ამბავი” ერთ-ერთ ნამდვილ ისტორიას, რომელიც ხელოვნების სასახლის დამაარსებელს, დავით არსენიშვილს ეძღვნება:

”დავით არსენიშვილის მოღვაწეობა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და სისხლიან პერიოდს დაემთხვა. ქვეყნის გასაბჭოება, წითელი ტერორი, მასობრივი დაპატიმრება-დახვრეტები, ეკლესია-მონასტრების ნგრევა-აფეთქებები და ასე შემდეგ…

ამ პერიოდში რამდენიმე ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე შეეცადა წინ აღსდგომოდა საბჭოთა ხელისუფალთა დაუოკებელ ლტოლვას გაენადგურებინათ ისეთი ეკლესია-მონასტრები, რომელთაც განსაკუთრებული კულტურული ღირებულება გააჩნდათ საქართველოს ისტორიისათვის.

ასეთი იყო დიმიტრი შევარდნაძე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა მეტეხის ტაძარი, ექვთიმე თაყაიშვილი – ვინც საბჭოთა ურდოს გაარიდა ჩვენი ეროვნული საგანძური, გიორგი ჩუბინაშვილი, რომლის დაუღალავმა მუშაკობამ დანგრევისაგან იხსნა ბოლნისის სიონი და მრავალი სხვა ძეგლი.

ამ ადამიანთა შორის იყო დავით არსენიშვილიც, მოღვაწე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტაძრის გადასარჩენად იმდროინდელი საქართველოსათვის უპრეცედენტო რამ გააკეთა და თავისი შეუპოვრობით ქვეყანას კიდევ ერთი ულამაზესი ძეგლი გადაურჩინა…

მანამდე კი იყო დიმიტრი შევარდნაძის თავდადების ამბავი. ქეთევან მაღალაშვილი ერთ-ერთ თავის მოგონებაში წერდა: ”დიტოს ჩაფიქრებული ჰქონდა, მეტეხის ტერიტორიაზე ახალი შენობა აეგო მუზეუმისთვის. იმხანებში რუსთაველის იუბილე ახლოვდებოდა. ბერიას უნდოდა, დაენგრიათ მეტეხის ეკლესია და იქ რუსთაველის ძეგლი დაედგათ. ამ მიზნით იქ ერთ დღეს ამფეთქებელთა ბრიგადაც კი გაგზავნეს. დიტომ შეკრიბა ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები და ბერიასთან მივიდნენ. ეს ამბავი გახმაურდა, რაიონებსაც მისწვდა, ხალხი აღშფოთებას ვერ მალავდა (რუსთაველი აქ არაფერ შუაში იყო, მოინახებოდა მისთვის ადგილი ქალაქში)

ლავრენტი ბერიამ საერთო სახალხო მღელვარებას თავი აარიდა და პირველ ეტაპზე, თითქოს უკან დაიხია კიდეც, როცა მან კაბინეტიდან თავაზიანად გაისტუმრა მეტეხის ტაძრის გადასარჩენად მისული დელეგაციის წევრები, ერთადერთი დიმიტრი შევარდნაძე დაიტოვა და დაემუქრა მას, რომ ამ ქმედებისათვის პასუხს აგებინებდა… დიმიტრი შევარდნაძე ჯერ დირექტორობიდან გაათავისუფლეს, შემდეგ დააპატიმრეს და მალევე დახვრიტეს…

ასე რომ, ცხადი იყო ხელისუფლების პოზიცია – ყველა ვინც ეკლესია-მონასტრების დაცვას ეცდებოდა უმკაცრესად დაისჯებოდა…

შეუძლებელია დათიკო არსენიშვილს ეს არ სცოდნოდა, თუმცა მიუხედავად ამისა მან თავი გადადო და შეგნებულად არსებულ რეალობას დაუპირისპირდა! ვანქის ეკლესია უკვე აფეთქებული იყო, საძირკვლიანად მოსწორებული რუსთაველის პროსპექტზე მდგარი სობორო, მინარეთ და სახურავ მორღვეული მოჩანდა შიიტების მეჩეთიც. ანჩისხატის დანგრევასაც თითქოს წინ ვერავინ აღუდგებოდა…

ისე, როგორც ყოველთვის, დათიკო არსენიშვილი აქაც ქარიშხალივით შემოიჭრა და ტაძრის გადასარჩენად ყველაზე მოულოდნელი, არაორდინალური ნაბიჯი გადადგა, მან ეკლესიაში გასაშლელი საწოლი მიიტანა, ანჩისხატის უძველეს გუმბათქვეშ დაბანაკდა და განაცხადა, რომ თუ ეკლესიას ააფეთქებდნენ ის მზად იყო ნანგრევებქვეშ მოყოლილიყო. ახალგაზრდა მეცნიერის ხმაურმა შედეგი გამოიღო, ხელისუფლებამ აურზაურსა და შფოთს თავი აარიდა და ტაძრის ნგრევაზე ხელი აიღეს.

დათიკო არსენიშვილმა თავისი შემართებით ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი სამუდამო განადგურებისაგან იხსნა. საბჭოთა ხელისუფლებამ უკან დაიხია, თუმცა იგივე ხელისუფლება არსენიშვილზე სასტიკ ანგარიშსწორებას გეგმავდა…”