8 დეკემბერი, 2017

“აქამდე თავს ვიკავებდი ეს დამეწერა საჯაროდ”

– მე ვერ შევეგუები ისტორიული ძეგლების განადგურებას, – აცხადებს სვანეთის მკვიდრი, რეჟისორი მარიამ ხაჭვანი:

“აქამდე თავს ვიკავებდი ეს დამეწერა საჯაროდ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეტკინა გული…

ჩვენი სახლი უშგულში ლამარიის ეკლესიის ეზოში დგას, ეზოს იმიტომ ვიძახი, რომ ჩვენი სახლის ჭიშკარი და ლამარიის ეკლესიის გალავანი ერთმანეთზე არის მიბჯენილი. საათობით ვიჯექი ლამარიის ეზოში და ვუყურებდი მწვერვალს, მზის ჩასვლას, სცად აწვდილ მთებს, ღრუბლებს. შემდეგ შევდიოდი ლამარიის ციხე-კოშკში. კოშკს ორი დარბაზი ამშვენებს, რომელიც 11-12 საუკუნით თარიღდება. დარბაზებში “ჰლშა ობიში” ტარდებოდა, “კუთხეში მდგარ ძველ ფეჩში” “ლემზირლები” ცხვებოდა, მთელი სოფლის ქალები იკრიბებოდა და ვლოცულობდით. სხვადროს,მარტო ვიჯექი სულ…

მარტო იქ მიყვარდა მარტო ყოფნა…

ერთი გრძელი მორი იყო კუთხეში სადაც ვიჯექი, საათობით ვიჯექი და ბედნიერი ვუყურებდი ძველისძველ კედლებს, რომელსაც მური და მტვერი ჰქონდა, რომლებსაც წინაპრების ხელები ეტყობოდა, უცხო და თბილი სუნი ასდიოდათ კედლებს,სიძველის და სამშობლოს სუნი. იატაკიც განსაკუთრებული იყო, განსხვავებული,კლდეზე აშენებული ციხე-კოშკი და კლდოვანი იატაკი, მახსოვს ერთხელ ფეხიც კი დამიცდა…

მსგავსი ტიპის ისტორიული ორი ძეგლი, კლდეზე აშენებული და იმ ფორმით შენარჩუნებული, არა მარტო უშგულში, როგორც ვიცი საქართველოშიც არ იყო…

ძალიან ლამაზად თქვა გიორგი ნაზღაიძემ ჯაჯანიძის შოუში სათქმელი, რომ ორი წლის ბავშმაც უნდა იცოდეს ისტორიული ძეგლის მოფრთხილება. მე თავი შევიკავე, მაგრამ მინდოდა ხმამაღლა მეყვირა, რომ ჩემი ლამარიას დარბაზები, ხო ჩემი ლამარიას, მე იმ ეზოში ვარ დაბადებული და გაზრდილი, გადააკეთეს, 11 საუკუნის ისტორია წაშალეს, კლდოვანი იატაკი მეტლახით შეცვალეს და საცხოვრებლად გადააკეთეს..

ძალიან ბევრი ვიტირე…

მის მერე ლამარიას ეზოში არ დავმჯდარვარ…

მედალს ორი მხარე აქვს, რათქმაუნდა მივესალმები მოქმედ ტაძარს, პატივს ვცემ მამა იოანეს და მის მხარდამჭერს მოქმედი რომ გახადეს უშგულის ლამარიის ტაძარი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა საცხოვრებლად ცალკე კელიები აეშენებინათ და ჩვენთვის 11-12 საუკუნის ისტორია არ წაეშალათ?!

ადგილი ყველგან იყო კელიების ასაშენებლად…

მაგრამ მე პატივი ვეცი მათ და გავჩუმდი და გაჩუმება ცუდად მომიბრუნდა.

სამწუხროდ მამა იონამ დატოვა უშგული, განაწყენებულმა მხარდამჭერებმა კი გააზრებლად თუ გაუაზრებლად ლამარიას ციხე-კოშკს საქონლის სადგომი უწოდეს და სულ არ დაფიქრებულან იმაზე თუ რამხელა შეურაცყოფა მიაყენეს უშგულს. რამხელა შეურაცყოფა მომაყენეს მე, მე ხომ ნახევარი ცხოვრება იმ კედლებში გავატარე.

30 წლის უკან იმ დარბაზებში შედიოდა საქონელი, შემდეგ ბიძაჩემმა -რამაზ ჩარკვიანმა შემოამარგლინა ლამარიის ეზო, უდიდესი გალავანი გაუკეთა, ვინც ნამყოფია უშგულში ეცოდინება. საქონელი არ შედიოდა, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა ტურისტი თუ დატოვებდა კარს ღიას. თუმცა არამგონია იმ ეზოში არაუშგულელი ჩემზე ხშირად იყოს ნამყოფი და მე არცერთხელ მინახავს იქ საქონელი.

ბიძაჩემმა ეს ისტორიული ძეგლი ამ ფორმით შეინარჩუნა და მათმა ევრორემონტი გააკეთეს იმ მიზეზით ძროხა რომ არ შეიპაროს.

რა ლოგიკა არის ეს ამიხსნით?

კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ მამაოს პატივს ვცემ და მის მხარდამჭერებს იმ ამაგისთვის უშგულის ეკლესია მოქმედი რომ გახადეს და კიდევ ზაგაროს უღელტეხილზე ეკლესია რომ აშენდა იმაში შეტანილი წვლილისთვის, მაგრამ მე ვერ შევეგუები ისტორიული ძეგლების განადგურებას, მით უმეტეს, რომ ამ ძეგლების შეხების გარეშეც შეიძლებოდა კელიების აშენება!!!”