6 ნოემბერი, 2017

“ასე ჩამრჩა გონებაში ჯანსუღ ჩარკვიანი!”

იუმორისტი ბაკურ სვანიძე პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანთან შეხვედრას იხსენებს და მის ძალიან მაგარ, კაცურ და ადამიანური საქციელზე საჯაროდ საუბრობს:

“ასე იყო!

1997 წელს, 21 წლის ბიჭი ვიყავი და უნივერსიტეტში საკმაოდ პოპულარული პოეტიც (გარდა “ბუდარიასი” ამ მიმართულებითაც მიცნობდა გარკვეული წრე). ჰოდა, დამირეკეს და მითხრეს, რომ “კინოს სახლში” ტარდებოდა სტუდენტთა შორის პოპულარული ახალგაზრდა პოეტების მოსმენა. 10 პოეტს შორის მეც ვიყავი შერჩეული.

არ მიმაჩნია საჭიროდ ვინაობა იმ ქალბატონისა, ვინც დამიკავშირდა და ვინც იყო ყოველივე ამის ორგანიზატორი… არ მიყვარდა ასეთ რამეებზე სიარული, მარა ვიფიქრე ამპარტავნობად არ ჩამითვალონ, მაინც ასე თუ ისე სერიოზული ხალხია თემაში და წავალ-თქო.

“კინოს სახლის” სავსე დარბაზში, სცენაზე გამოვიდა სწორედ ის ქალბატონი, ვის სახელსაც არ ვამბობ და გამოაცხადა, რომ ვიდრე დაიწყებოდეს ახალგაზრდა გამორჩეული პოეტების მოსმენა, ჯერ გაიმართება გოდერძი ჩოხელის ახალი ფილმის პრემიერა. ძაან კარგი. ჩაქრა შუქი და ეკრანზე დაიწყო “სამოთხის გვრიტები”, რომელიც მერე საკმაოდ პოპულარული გახდა და ტელევიზიითაც არაერთხელ გადაიცა…

დასრულდა ფილმი და იგივე ქალბატონი აცხადებს:- “ბოდიშს ვიხდით, ჩვენ ვერ განვსაზღვრეთ სწორად დრო. ეს დარბაზი ჩვენ დაგვითმეს ზუსტად 2 საათით. აღმოჩნდა, რომ დროში ვეღარ ვჯდებით. ამიტომ ახალგაზრდა პოეტების მოსმენას ვეღარ ვასწრებთ! გმადლობთ დასწრებისთვის.” – და დაგვემშვიდობა…
ვიდრე გავიაზრებდი რა მოხდა, ვინმემ ეს სპეციალურად გააკეთა, რომ ჩოხელის ფილმის პრემიერაზე ხალხი მიეყვანა (არ დამიწყოთ ახლა რაღაც-რაღცაეები, მაშინ ჩოხელი არ იყო ეგეთი სუპერ-პოპულარული ახლა რომ არის!) თუ მართლა უნებურად მოხდა… თუკი ჩოხელის ფილმის პრემიერა უნდა ყოფილიყო რატომ მიაბეს “ახალგაზრდა პოპულარული პოეტების” თემა ამას? გაემართათ პრემიერა ცალკე… რა ვიცი… თუმცა, მე სიმართლე გითხრათ, ისეც მეკიდა და ასეც.

მშვიდად ავდექი და დავაპირე სახლში წასვლა… ამ დროს დარბაზში წინა რიგებიდან მესმის ხმამაღალი რეპლიკა: – “კაცო! მე აქა მოვედი ახალგაზრდა პოეტების მოსასმენად! გოდერძის ფილმს სხვა დროსაც ვნახავდი და სხვა ადგილზეც! ვერ გავიგე რას ჰგავს ესა? მე მოვითხოვ მომასმენინოთ ეს ახალგაზრდა და ნიჭიერი პოეტები, ვინ არიან? სად არიან? რად მინდა ფილმი?”

ეცნენ ამ კაცს და დაუწყეს დაშოშმინება “ამ დარბაზში მეტს ვეღარ დაგვტოვებენ, ვერ ვასწრებთო”. “მერე რა? სხვა დარბაზი აღარ არის? ან ოთახი არ არის? წამოიყვანეთ ის პოეტები და მოვუსმინოთ!” იმავე შენობაში მოინახა შედარებით დიდი ფართობის ოთახი… იქ შეიყვანეს ეს ახალგაზრდა პოეტები და ის კაცი დაჯდა და უსმინა დიდი გულისყურით…

მე უარი ვთქვი ლექსების წაკითხვაზე და წავედი სახლში! მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კაცი, ვისი ძალიან მაგარი, კაცური და ადამიანური საქციელიც ასე ჩამრჩა გონებაში დღემდე, იყო ჯანსუღ ჩარკვიანი! ღმერთმა აცხონოს…”