5 ოქტომბერი, 2017

არტურ მილერის გახმაურებული პიესა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

კუდიანებზე ნადირობა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე იწყება.

უფროსი ასაკის მაყურებელს მოზარდ მაყურებელთა თეატრი არტურ მილერის გახმაურებული პიესის „სეილემის პროცესის“ ადაპტირებულ სცენურ ვერსიას სთავაზობს.

ისტორიული დრამის პრემიერა 5 და 6 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში შედგება. დასაწყისი 19:00 საათზე. საგულისხმოა, რომ პრემიერის დღეებში სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება ინგლისური სუბტიტრებით. პრემიერას უცხოელი კრიტიკოსებიც დაესწერებიან.

სპექტაკლში, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, გადმოცემულია 1692 წელს, მასაჩუსეტის პატარა ქალაქ სეილემში მომხდარი ტრაგედია-პატარა გოგონების თითქოსდა უწყინარი „ბავშვური“ თამაში, რომელიც საბოლოოდ დრამატულ სასამართლო პროცესში გადაიზრდა. ორად გახლეჩილი საზოგადოება, „კუდიანებზე ნადირობა“ და ადამიანთა ბედით თამაში, სიყვარული და შურისძიება, უფლის სახელით ჩადენილი ცოდვა და ცხოველური ვნებები, რომელსაც ხალხი მასობრივ ისტერიამდე მიჰყავს.

პიესის თარგმანი ეკუთვნით ქეთევან ლორთქიფანიძეს და თემურ ჩხეიძეს. დამდგმელი რეჟისორი და ადაპტირებული სცენური ვერსიის ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილი. მხატვარი ლომგულ მურუსიძე, მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილის, ქორეოგრაფი გია მარღანია, რეჟისორი თანაშემწე თამაზ ქარაული.

სპექტაკლში მონაწილეობენ ვახო ჩაჩანიძე, თამარ მამულაშვილი, თეკლა ჯავახაძე, ვახტანგ ნოზაძე, ნუგზარ ყურაშვილი, დავით როსტომაშვილი, კახაბერ ჭოლაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, გიორგი კაჭახიძე, ხატია მელქაძე, ია ჭილაია, გიორგი მაისურაძე, სოფო ფერაძე, ირინე კუკულაძე, სალომე წურწუმია, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ცქვიტინიძე, თამარ ჭანუყვაძე, ნათია კუპატაძე, ლელა მახნიაშვილი, ვამეხ ჯანგიძე, ქეთი ჩაჩუა, ნიკოლოზ ფაიქრიძე, შალვა ანთელავა, გაგა შიშინაშვილი.

სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.