23 ოქტომბერი, 2017

ადამიანი, რომელმაც „რევოლუციური“ პიესით ქართულ თეატრის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა

დღეს დავით ერისთავის დაბადების დღეა, ადამიანის რომელმაც „რევოლუციური“ პიესით ქართულ თეატრის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა… ერთდროულად ბრწყინვალე მწერალმა, პოეტმა, ჟურნალისტმა, მსახიობმა, დრამატურგმა, მთარგმნელმა და დეკლამატორმა 1881 წელს შექმნა ხუთმოქმედებიანი ეროვნულ-პატრიოტული ისტორიული დრამა „სამშობლო“, რომელმაც პირველივე წარმოდგენაზე ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო.

ქართულ პატრიოტულ მოტივებზე შექმნილ პიესას საფუძვლად ფრანგი დრამატურგის, ვიქტორინ სარდუს ამავე სახელწოდების დრამა დაედო და თუ ფრანგ სარდუს პიესამ ვერც სახელი და ვერც დიდება ვერ მოუტანა, დავითმა სიუჟეტი ქართულ რეალობას იმდენად კარგად მიუსადაგა, რომ დღიდან მისი დადგმისა მაყურებელთა რაოდენობა და აღფრთოვანება არ ცხრებოდა.

,,სამშობლოს” პირველ წარმოდგენას მთელი ქართველი მოწინავე საზოგადოებრიობა დაესწრო. მივიდნენ თბილისში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც… როგორც იტყვიან, დარბაზში ნემსიც ჩავარდნაც შეუძლებელი ყოფილა…

ნიშანდობლივი იყო ალბათ ისიც, რომ პიესის დადგმას თვით ავტორი ხელმძღვანელობდა. რეჟისორად მიწვეული იყო მ. ბებუთოვი. კოსტიუმების მხატვრობა გაგარინს, ხოლო დეკორაციებისა იტალიელ მხატვარ-დეკორატორ ჟიუსტის ეკუთვნოდა. წარმოდგენის შემდეგ თურმე დავითი ხელში აუყვანიათ და “ბრავოს” შეძახილისა და ტაშის თანხლებით ფაეტონში ჩაუსვამთ.

დღეს ხელოვნების სასახლეში, პიესა “სამშობლოს” ორიგინალი ვერსია ინახება, რომელიც თვით დავით ერისთავის ავტოგრაფია. ხოლო დაფნის გვირგვინი ატლასის აფიშით, რომელიც ქართულმა დასმა ,,სამშობლოს” ავტორს პატივისცემის ნიშნად მიუძღვნა, მუზეუმის თეატრის დარბაზის მუდმივ ექსპოზიციაშია წარმოდგენილი.