27 სექტემბერი, 2017

ვახტანგ აბრამიშვილი კონცერტებს გერმანიაში გამართავს

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ვახტანგ აბრამიშვილი გერმანიაში კონცერტებს გამართავს.

5 ოქტომბერს პიანისტი რეგენსბურგში ყოველწლიური ფერადი ბგერების ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ამ ფესტივალზე მისი დებიუტი შედგება.

7 ოქტომბერს კი ვახტანგი ვაიდენში მსმენელის წინაშე მაქს რეგერის სახელობის დარბაზში წარსდგება, სადაც მისი ხსოვნის პატივსაცემად საფორტეპიანო კონცერტები გაიმართება.

ორივე კონცერტზე ქართველი პიანისტი მისი პროფესორის ფრანც ფორაბერის რეკომენდაციით მიიწვიეს.

ვახტანგ აბრამიშვილი თბილისში 1987 წელს დაიბადა. პირველი გაკვეთილები 6 წლის ასაკში მამასთან მიიღო. 7 წლისამ ჩააბარა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველ სამუსიკო სასწავლებელში, სადაც 11 წლის მანძილზე ეუფლებოდა საფორტეპიანო ხელოვნებას ჯერ პედაგოგ გივი ჩარბაძის შემდეგ პედაგოგ ცირა კარგარეთელის კლასში.

2009 წელს სწავლა განაგრძო გერმანიაში. 2009/2013 წლებში სწავლობდა ფრანკფურტის და მოგვიანებით ვისბადენის კონსერვატორიებში, პროფესორების შტეგემანის და ფორაბერის ხელმძღვანელობით.

ამ წლების მანძილზე მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტებსა და ფესტივალებში: კლოსტერ ებერბახში, კლოსტერ ანაბერგში, ვისბადენის კულტურის ფორუმზე, ფრანკფურტის და დარმშტადტის კონსერვატორიებში, ბერშტეინისა და სტეინვეის როიალების სახლში.

2012/2013 წლებში მონაწილეობდა ფესტივალის „ინსტრუმენტი და ხელი“ გამომცემლობა „ბრაითკოფ და ჰერტელი“-ს დაკვეთით. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული მასტერკლასებში ისეთ პროფესორებთან როგორებიც არიან: ლუკას ბლონდილი, ბერნჰარდ ვეტცი, ვოლფგანგ მანცი, ვერნჰარდ აიკე, იან პოლივკა და რომან ზასლავსკი.

2015 წელს ვახტანგ აბრამიშვილმა სოლო კონცერტი გამართა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში.

2016 წელს ახალგაზრდა პიანისტებისთვის სტუდია „ვაპიანო“ გახსნა.

2017 წელს კი ჩაწერა დისკი, რომელშიც შესულია ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტის, ლისტის, შოპენის, შუმანის და პროკოფიევის მინიატურები.