29 სექტემბერი, 2017

კუდიანებზე ნადირობა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უფროსი ასაკის მაყურებელს არტურ მილერის გახმაურებული პიესის „სეილემის პროცესის“ ადაპტირებულ სცენურ ვერსიას სთავაზობს.

ისტორიული დრამის პრემიერა 5 და 6 ოქტომბერს 19 საათზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში შედგება. პრემიერის დღეებში სპექტაკლი ინგლისური სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი.

სპექტაკლში, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, გადმოცემულია 1692 წელს მასაჩუსეტის პატარა ქალაქ სეილემში მომხდარი ტრაგედია – პატარა გოგონების თითქოსდა უწყინარი „ბავშვური“ თამაში, რომელიც საბოლოოდ დრამატულ სასამართლო პროცესში გადაიზრდა. ორად გახლეჩილი საზოგადოება, „კუდიანებზე ნადირობა“ და ადამიანთა ბედით თამაში, სიყვარული და შურისძიება, უფლის სახელით ჩადენილი ცოდვა და ცხოველური ვნებები, რომელსაც ხალხი მასობრივ ისტერიამდე მიჰყავს.

პიესის თარგმანი ქეთევან ლორთქიფანიძეს და თემურ ჩხეიძეს ეკუთვნით, დამდგმელი რეჟისორი და ადაპტირებული სცენური ვერსიის ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, მხატვარი – ლომგულ მურუსიძე, მუსიკალური გამფორმებელი – ზურაბ გაგლოშვილი, ქორეოგრაფი – გია მარღანია, რეჟისორი თანაშემწე – თამაზ ქარაული.

სპექტაკლში მონაწილეობენ ნუგზარ ყურაშვილი, ვახო ჩაჩანიძე, თამარ მამულაშვილი, თეკლა ჯავახაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, ვახტანგ ნოზაძე, გიორგი კაჭახიძე, ქეთი ჩაჩუა, იაკო ჭილაია, ნათია კუპატაძე და სხვანი.