17 აგვისტო, 2017

თემიკო ჩირგაძე – შეუდარებელი ვაჟა ზაზაევიჩი “ცისფერი მთებიდან”

თბილისის კოლორიტის თემიკო ჩირგაძის ქართულ კინოში გამოჩენა ელდარ შენგელაიას დამსახურებაა. მართალია მან სულ რამდენიმე ფილმში ითამაშა, მაგრამ მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი.

“ძალიან კარგი” – ეს რეპლიკა “ცისფერ მთებში” თემიკო ჩირგაძის შეტანილია. პროფესიით ექიმმა პირველად სკოლაში დადგმულ სპექტაკლში ითამაშა. მართალია თეატრით გატაცებული იყო, მაგრამ სამედიცინოზე ჩააბარა და სიცოცხლის ბოლომდე ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავდა.

თემიკო ჩირგაძის კინოკარიერა გვიან დაიწყო. მისი დებიუტი ელდარ შენგელაიას ფილმში “არაჩვეულებრივი გამოფენა” შედგა, სადაც თამადის როლი ითამაშა. თამადის როლი შესთავაზა ლანა ღოღობერიძემაც თავის ფილმში “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” და ეს შემთხვევით არ მომხდარა – თემიკო ჩირგაძე თბილისში ცნობილი თამადა იყო. როგორც მისი მეგობრები იხსენებდნენ, მასთან ქეიფს და დროსტარებას არაფერი სჯობდა.

პირველი სერიოზული როლის თამაში თემიკო ჩირგაძეს ფილმში “ცისფერი მთები” მოუწია, სადაც გამომცემლობის დირექტორის ვაჟა ზაზაევიჩის როლი შეასრულა. თავად ამ პროცესს ასე იხსენებდა:

“ჩემი სცენური დებიუტი მოსწავლეობის დროს შედგა. მოხდა ისე, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, 80-იანი წლების დასაწყისში მე ისევ დავუბრუნდი მმსახიობობას, როდესაც გამომცემლობის დირექტორის როლი შევასრულე ელდარ შენგელაიას ფილმში “ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი”. მანამდე იყო ეპიზოდური როლი “არაჩვეულებრივ გამოფენაში”. ქეიფის სცენის გადაცებისას ბაგრატის ტაძრის ეზოში მართლაც სუფრა გაიშალა, თავისი ატრიბუტებით, გოჭით, მაგრამ ვიდრე აპარატურას აყენებდნენ, გამოირკვა, რომ დოდომ გოჭი შეჭამა. გოჭი უსათუოდ უნდა გამოჩენილიყო და ჩაიშალა გადაღება. მეორეჯერ გააწყვეს სუფრა. მოიტანეს გოჭი და მეორეჯერაც შეჭამა. სუფრა. მერე ბუტაფორიული გოჭი დაუდეს და იმას ვერ მოუხერხა ვერაფერი.

ახალ პროფესიას ადვილად შევეჩვიე. ეს,უპირველეს ყოფლისა, ელდარის წყალობაა. ასეთი რეჟისორია. გადასაღებ მოედანზე არ ყვირის, არავის აგინებს, არ ნერვიულობს და არც სხვას ანერვიულებს, მსახიობებს დიდ თავისუფლებას აძლევს. კინოგადაღება უაღრესად საინტერესო პროცესი ყოფილა. თვით ფილმზე მომუშავე ადამიანებთან ურთიერთობაა ძალიან სასიამოვნო: რეჟისორი, ოპერატორი, მხატვრები, მსახიობები, გამნათებლები – ყოველი მათგანი საინტერესოა. გადაღების ერთმა წელმა თვალის დახამხამებაში გაირბინა და მერე ძალიან დიდი სევდა მქონდა იმის გამო, რომ ყველაფერი დამთავრდა.

ელდარ შენგელაია, რომლის სამ ფილმში ვითამაშე, საოცრად კარგი და მომთმენი რეჟისორი იყო. მასთან ერთად მუშაობა საოცრად მაწყნარებდა და ყოველგვარ კომპლექსს მიხსნიდა. გადაღების დროს მე და სესილია თაყაიშვილს სპეციალურად გამოყოფილი ავტომანქანა გვემსახურებოდა. როდესაც “ცისფერი მთების” გადაღება დასრულდა, ელდარმა ვერ მოაბა თავი ეჩვენებინა ჩვენთვის ფილმის მზა ეპიზოდები. ქალბატონმა სესილიამ, რომელიც იმ პერიოდში საავადმყოფოში იწვა, ელდარს შეუთვალა: ჩვენ ორ მოხუცს მაინც გვანახე ფილმიო. წარმოგიდგენიათ, მოხუცად ჩამთვალა, თუმცა მაშინ საკმაოდ ყოჩაღად გამოვიყურებოდი. სხვათა შორის, როდესაც ქალბატონმა სესილიამ გაიგო, რომ ფილმში მეც უნდა მეთამაშა, უკმაყოფილო დარჩა. მან ხმამაღლა განაცხადა, რომ არაპროფესიონალ მსახიობებთან ვერ ითამაშებდა. მე მას მოვეხვიე, ვაკოცე და ვუთხარი, რომ ჩუმად ვიქნებოდი და ხელს არ შევუშლიდი. როგორც იქნა, გატყდა.

უნდა ვაღიარო, რომ ფილმი პირველი ნახვისას ვერ აღვიქვი და ძალიან ცუდ გუნებაზე გამოვედი, მერე თანდათან ვეგუებოდი. უცნაურია, მაგრამ კმაყოფილების გრძნობა პირველად მაშინ გამიჩნდა, როცა “ცისფერი მთების” რუსული ვარიანტი ვნახე. მანამდე სულ უკმაყოფილო ვიყავი. გაიარა ერთ ათეულ წელზე ცოტა მეტმა და ახლა მე თვითონ აღმოვჩნდი ჩემი გმირის მდგომარეობაში. გახმოვთ ალბათ, გამომცემლობაში ყველაფერი ინგრევა, დირექტორი სულ სესხბანკში დარბის. მეც ამ დღეში ვარ, გაუთავებლად დავრბივარ, რომ ვიშოვნო სპირტი, ბენზინი, ჩავართვევინო სინათლე, შევიძინო შპრიცები. ინსტიტუტი კი ნელ-ნელა თავზე მენგრევა.”

“ცისფერი მთების” გადაღებებს ელდარ შენგელაია ასე იხსენებს:

“ცისფერი მთები” პატარა მოთხრობაა და ბევრი მასში სურათიდან შევიდა. როგორც კი ფილმზე მუშაობა დავიწყე, დაუფიქრებლად ვუთხარი თემიკოს, რომ ეს როლი შენ უნდა ითამაშო-მეთქი. აქაც იყო ჭირვეულობა, მაგრამ ერთმა ფაქტმა დიდი როლი შეასრულა. ქუჩაში გადაღება მას ძალიან ეუხერხულებოდა, ფილმში მოქმედება კი ოთახებში ხდება. ბევრი რამ თავის გმირში თემიკომ თვითონვე შემოიტანა. მაგალითად, ტერმინი “ძალიან კარგი” სცენარში არ გვქონია. ეს მისეულია. პირველად ეს არ მომეწონა. იყო ეპიზოდები, როცა თემიკოს გმირი სულ სხვა სიტუაციაში იმყოფებოდა და სხვა რამეზე ფიქრობდა. ამ დროს პასუხი უნდა გაეცა მოსაუბრისთვის და თემიკოც პასუხობდა “ძალიან კარგი”. გული მწყდება, როდესაც ჩემს ფილმს სახელმწიფო პრემია მიანიჭეს, თემიკო არ დააჯილდოვეს. მიზეზად ის დაასახელეს, რომ არაპროფესიონალი მსახიობიაო. თავად საყვედური არასოდეს უთქვამს. პირიქით, სულ მეუბნებოდა, ერთი ფილმი კიდევ გადაიღე ჩემი მონაწილეობით და ახლა ლენინის პრემიას მიიღებო…

თემიკო ჩირგაძე 71 წლის ასაკში უკურნებელი სენით გარდაიცვალა და როგორც ელდარ შენგელაია ამბობს, მისი გარდაცვალებით სიცოცხლე უფერული გახდა.