9 აგვისტო, 2017

ელისო ბოლქვაძე – პიანისტი მაესტრო

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ პიანისტს – ელისო ბოლქვაძეს მკითხველის წინაშე განსაკუთრული წარდგენა არ სჭირდება.

ქართული კულტურის გამორჩეულ ვარსკვლავს უკვე მთელი მსოფლიო იცნობს და მისი კონცერტები პრესტიჟულ დარბაზებში ანშლაგებით მიმდინარეობს.

ელისო ბოლქვაძე თბილისში, პოეტისა და მწერლის ოჯახში დაიბადა. მან ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო მუსიკალური განათლების მიღება და მალევე მიღებული იქნა ნიჭიერთა სასწავლებელში. მისი პირველი კონცერტი, ორკესტრთან ერთად, 7 წლის ასაკში შედგა.

ელისო ბოლქვაძე მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია – ვან კლიბურნის კონკურსი (აშშ), ვიანა და მოტა (ლისაბონი), აქსას საერთაშორისო პიანო ფესტივალი (დუბლინი), მარგარიტ ლონგის კონკურსი (პარიზი) – „სპეციალური პრიზი“ ფრანგული მუსიკის ინტერპრეტაციისათვის.

პიანისტი ხშირად გამოდის მსოფლიოს ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა: „სალ პლეიელი“, „სალ გავო“, შანზელიზეს თეატრი (პარიზი), „ჰერკულესაალი“ (მიუნჰენი), „ალტე ოპერა“ (ფრანკფურტი), კენედის ცენტრი (ვაშინგტონი), პასადენას აუდიტორიუმი (ლოს ანჯელესი), მანცონის თეატრი (იტალია), „კონცერტჰაუსი“ (გერმანია), „ორიენტალ ცენტრი“ (შანჰაი), სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დარბაზი (რუსეთი), „კონცერტგებოუ“ (ამსეტრდამი), ვიქტორია ჰოლი (ჟენევა).

ელისო ბოლქვაძეს რეგულარულად იწვევენ მსოფლიოში აღიარებულ ორკესტრებთან დასაკრავად. პიანისტი კონცერტებს მართავს მთელი მსოფლიოს მაშტაბით და ასრულებს მოცარტის, დებიუსის, ბეთჰოვენის, პროკოფიევის, შოპენის და შუბერტის ნაწარმოებებს. ელისო ბოლქვაძეს წილად ხვდა პატივი ამერიკაში არკანზასის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მოცარტის 21-ე საფორტეპიანო კონცერტით სეზონი გაეხსნა.

პიანისტის შესრულება გამოირჩევა უნიკალური მგრძნობელობით, შთამბეჭდავი გამომხატველობით და უმაღლესი ხარისხით. მისმა უკანასკნელმა ჩანაწერმა – სენ-სანსის კონცერტი N2, რომელიც შვეიცარულმა კომპანია „კასკაველ“-მა ჩაწერა, დიდი გამოხმაურება ჰპოვა მედიაში.

ელისო ბოლქვაძემ ჩაწერა ალბომები SONY BMG-სათვის, ბეთჰოვენის, რახმანინოვის და ლისტის კონცერტების შესრულებით. ფრანგულმა ნაციონალურმა არხმა  LCI-მ კი აჩვენა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მის შესახებ.

ხელოვანის ერთ-ერთი ბოლო ალბომი სახელწოდებით “პროკოფიევი, შუბერტი” გერმანულ ჩამწერ კომპანიასთან Audite-სთან განხორცილდა და მიენიჭა დისკს “Pianist Maestro”-ს სტატუსი.  ეს ალბომი ერთხმად აღიარა სართაშორისო მუსიკალურმა კრიტიკამ და შეაფასა, როგორც პროკოფიევის და შუბერტის გამორჩეული და ახლებური ხედვის უმაღლესი დონის ინტერპრეტაცია!

ელისო ბოლქვაძის კონცერტები გადაიცემა ფრანგულ არხზე MEZZO.

პიანისტი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო და კულტურულ ღონისძიებებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ რიგით მე-13-ე ნობელის მშვიდობის ლაურეატების მსოფლიო სამიტზე ქართველი პიანისტი სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.

ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში ადამიანთა უფლებების დამცველის სერხიო ვიეირა დე მელოს ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას კი ელისო ბოლქვაძე და ანჯელინა ჯოლი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ.

რამოდენიმე წლის წინ ელისო ბოლქვაძემ დაარსა საქველმოქმედო ფონდი „ლირა“, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი პიანისტების წარმოჩინებას.

2013 წელს ელისო ბოლქვაძის ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა ბათუმის  საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალი – BATUMI MUSIC FEST.

2015 წლის სექტემბერში გამოვიდა მისი ახალი ჩანაწერი გერმანულ კომპანია „აუდიტესთან“ თანამშრომლობით.

2015 წლის 22 იანვარს, ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა „იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ პრესტიჟული წოდება. იგი პირველი ქართველია, ვინც ამ ტიტულს ფლობს.

2015 წელს საფრანგეთის სახელმწიფომ ელისო ბოლქვაძეს მიანიჭა საფრანგეთის ლეგიონერის პრესტიჟული ორდენი ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის.

მსოფლიო პრესა აქტიურად აშუქებს ელისო ბოლქვაძის კონცერტებს და მისთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებს.