31 ივლისი, 2017

გადავარჩინოთ ეს უნიკალური ძეგლი!

ისტორიკოსი გიორგი კალანდია ზაფხულის ცხელ დღეებს სამშობლოში ატარებს და სამეგრელოში ექსპედიციაში იმყოფება, სადაც უძველეს ქართულ კულტურულ ძეგლებს ეცნობა.

გიორგი კალანდიას ინფორმაციით, ლევან მეორე დადიანის აკლდამა უმძიმეს მდგომარეობაშია და მას მიხედვა სჭირდება:

“მის დროს სამეგრელომ მანამდე არნახულსა და შემდეგ არგანმეორებულ სიძლიერეს მიაღწია, ის ლევან მეორე დადიანია საქართველოს ყველაზე ცნობილი მთავარი, ბევრი უარყოფითი ჰქონდა თუმცა კარგი უფრო მეტი, აი მაგალითად: მოხატა ჯვრის მონასტერი, მამუკა თავაქალაშვილს გადააწერინა ვეფხისტყაოსანი, ააგო რუხის ციხე, მოხატა წალენჯიხა, ააშენა კორცხელის ტაძარი, ჩამოაყალიბა საოქრომჭედლო სკოლა, სადაც 100-ზე მეტი უნიკალური ხატი შეიქმნა, ზღვარი დაუდო აფხაზ ფეოდალთა პარპაშს, ოქროს და ვერცხლის ლუსკუმაში შეჭედა ღვთისმშობლის კვართი, ფართოდ დაუჭირა მხარი იტალიელ მისიონერთა საქართველოში მოღვაწეობას!

მოკლედ კაცი იყო ჩინებული, აკლდამაც საუცხოო მოაწყო, ქვა სტამბოლიდან ჩამოატანინა, ზედ მრავლსტრიქონიანი წარწერა ამოკვეთა, მოახატინა საუცხოო პორტრეტებით…..

ჰოდა, 15 წელია ამ აკლდამის უმწეობას ვუყურებ, ქვა დამტვრეულია, მამაოს ძვლები ამოუღია და სათუთად შეუნახია, თუმცა ნეშტი კვლავ აკლდამაში შესვენებას ითხოვს, კანდელი ცეცხლს, ძველი კარები შემინვას და აკლდამა ყინვისა თუ სიცხისაგან დაცვას! ყველა მეგრელი ლევანის ნაამაგარით იწონებს თავს – მისი ნაშენები, ნახატი, ნაჭედი თუ ნაწერი გულგრილს არ დაგტოვებს, ჰოდა ამ კუთხის შვილებო, ყველამ ერთად უნდა მივხედოთ ამ საფლავს, წინაპრების ხსოვნა მარტო სადღეგრძელო არაა, პრაქტიკული საქმეცაა…

ვისაც რამდენი შეგვიძლია გავიღოთ და ამ აკლდამას მივხედოთ, მით უფრო როცა ხელმწიფეთა თუ მთავართა ასეთი მდიდრული და შთამბეჭდავი განსასვენებელი მხოლოდ ლევანისა შემოგვრჩა! ნუ დაველოდებით ეკლესიას, სახელმწიფოს, კულტურის სამინისტრომ და ძეგლთა დაცვამ აქ უკვე ბევრი რამე გააკეთა, ფრესკები გაამაგრეს, იატაკი აღადგინეს, ახლა სახურავის რეაბილიტაცია მიდის!

მოდით დანარჩენს, კერძოდ კი ლევანის აკლდამას ჩვენ მივხედოთ, საზოგადოებამ, ამ კუთხის შვილებმა… შევაგროვოთ თანხა და ძეგლთა დაცვის სპეციალისტების თანადგომით გადავარჩინოთ ეს უნიკალური ძეგლი! მსურველები გამოგვეხმაურეთ geoartpalace@gmail.com-ზე.”