28 ივნისი, 2017

ქართული თეატრალური დასი პირველად ბუტრინტის საერთაშორისო ფესტივალზე

14-დან 20 ივლისამდე ალბანეთში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ბუტრინტი 2000“ გაიმართება.

„ხმელთაშუა თეატრების ეროვნული ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალში ქართველებს მონაწილეობა არასდროს მიუღიათ. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი პირველია, რომელიც აღნიშნულ ფესტივალზე მიიწვიეს.

17 ივლისს რიგით XV საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბუტრინტის ანტიკური თეატრის სცენაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრი რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლს „აურზაური არაფრის გამო“ წარადგენს. სპექტაკლი რეჟისორმა უილიამ შექსპირის მიხედვით განახორციელა.

ფესტივალი „ბუტრინტი“ 2000 წელს დაარსდა და მისი არსებობის მანძილზე მსოფლიოში აღიარებული არაერთი რეჟისორის წარმატებულ სპექტაკლს უმასპინძლა.

20 ივლისს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი სპექტაკლს საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ამპელოკიპის მერიის თეატრში ქართული სათვისტომოსთვის ითამაშებს. სპექტაკლი „აურზაური არაფრის გამო“ თესალონიკის საზოგადოება „საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართება.

საერთაშორისო გასტროლის მხარდამჭერი საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროა.