8 მაისი, 2017

პეტრე ჩაიკოვსკის ბურუსით მოცული სიკვდილი

მუსიკა იყო ის უდიდესი ძალა, რომლის მატარებელიც ცნობილი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი გახლდათ. ოჯახის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მან მაინც შეძლო და მთელი ცხოვრება საყვარელ საქმეს ემსახურა:

– არ იფიქროთ, რომ ვოცნებობ, გავხდე გამოჩენილი კომპოზიტორი, ჩემთვის სულერთია, ვიქნები სახელგანთქმული, მდიდარი მუსიკოსი თუ ჩვეულებრივი სკოლის მასწავლებელი. მთავარია, ვაკეთო ის, რისი კეთებაც მინდა. ასე სინდისი უფრო დამშვიდებული მექნება, – ასე იმართლებდა თავს პეტრე ჩაიკოვსკი, როცა განრისხებულმა პაპამ ის ოჯახის შერცხვენაში დაადანაშაულა, რადგან იუსტიციის დეპარტამენტს კონსერვატორიაში სიარული ამჯობინა.

მისი ნაწარმოებები ათეულობით წლებია კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ატყვევებს. რომანტიზმი, ინფანტილიზმი, მსუყე ნოტები და სენტიმენტალიზმი – ასეთია ჩაიკოვსკის მუსიკის ძირითადი კრიტერიუმები.

მუსიკისადმი ინტერესი პატარაობიდანვე გამოავლინა, თუმცა მის აღმზრდელ ფრანგ ქალბატონს მუსიკა და ხელოვნება არ უყვარდა და მომავალ კომპოზიტორს არ უსრულებდა სურვილს, ფორტეპიანოზე დაკვრა ესწავლა. მაშინ პატარა ჩაიკოვსკი თავისუფალ დროს ფანჯრის რაფას მიუჯდებოდა, წარმოიდგენდა, რომ მის წინ ულამაზესი როიალი იდგა, ის კი თავდავიწყებით უკრავდა და მას ათასობით მსმენელი აღფრთოვანებული უსმენდა. ეს ამბავი საბოლოოდ ფანჯრის რაფის ჩამონგრევით და პატარა მუსიკოსის ხელის მოტეხვით დასრულდა. შვილის ასეთი გატაცების გამო, მშობლებმა იგი მუსიკის მასწავლებელთან ყოველი შემთხვევისთვის მიიყვანეს, რადგან მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ პეტრე იურისტი გამოსულიყო.

კომპოზიტორის ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული პერიოდი დედის გარდაცვალებაა. 14 წლის ასაკში მას დედა ქოლერით გარდაეცვალა. ამ ტრაგედიამ მასზე უდიდესი კვალი დატოვა. მუსიკის სიყვარულმა საბოლოოდ მაინც თავისი გაიტანა, პეტერბურგის ახალგახსნილ კონსერვატორიაში ჩააბარა, მუსიკის წერა დაიწყო და დირიჟორობის შესწავლა მაესტრო რუბინშტეინთან გადაწყვიტა. სწორედ ამ პერიოდში დაწერა პეტრე ჩაიკოვსკიმ თავისი რამდენიმე უმნიშვნელო ნაწარმოები.

ეს ამბავი ნამდვილი ტრაგედია აღმოჩნდა კომპოზიტორის მამისა და პაპისთვის. მათ თანამდებობის პირი სურდათ გაეზარდა, ის კი მუსიკის გარდა ვერაფერს ხედავდა. საბოლოოდ პეტრე მოსკოვში გადავიდა, სადაც რუბინშტეინის ძმამ, ნიკოლაიმ სამუშაოდ ახალდაარსებულ მოსკოვის კონსერვატორიაში მიიწვია. ამ პერიოდში მისი პირველი ოპერა შეიქმნა და მოსკოვშიც დაიდგა. პირველი იმედგაცრუების შემდეგ, კომპოზიტორმა საკუთარი ნაწარმოები თავად გაანადგურა.

ნერვული შეტევები, ისტერიული ტირილი თუ სიცილი, პანიკა და შიშები პეტრე ჩაიკოვსკის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. თბილი, სათნო და დახვეწილი ადამიანის უკან იმალებოდა პიროვნება, რომელსაც ხშირად ჰქონდა შეტევები, ამ დროს სახლში ყველაფერს ურევდა, საკუთარ ნაშრომებს ანადგურებდა და ბუხარში წვავდა. შემდეგ კი იჯდა და სრულიად მარტო საათობით ტიროდა.

საბოლოოდ პეტრე ჩაიკოვსკის ცხოვრებაში აღმავლობის ხანა დადგა. მან შემქნა ოპერები, სიმფონიები, საფორტეპიანო კონცერტები – კომპოზიტორის სახელი სულ უფრო პოპულარული გახდა და გასცდა რუსეთის საზღვრებს.

ამ პერიოდში მან წერილი მიიღო მდიდარი ქვრივისგან ნადეჟდა ფონ მეკისგან. წერილში ქალბატონი წერდა, რომ მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჩაიკოვსკის შემოქმედებაზე კი შეყვარებულია. მდიდარმა ქალბატონმა კომპოზიტორს ყოველთვიური სტიპენდია, 6000 რუბლი დაუნიშნა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. საოცარი ის არის, რომ ნადეჟდა და პეტრე ერთმანეთს პირისპირ არასოდეს შეხვედრიან, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ქვრივისთვის, რომ 13 წლის განმავლობაში დანიშნულ დროს კომპოზიტორისთვის თანხა გაეგზავნა. მათი ურთიერთობა მოულოდნელად შეწყდა, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია.

– დავიღალე ამდენი ჭორით, ვინმე ცოლად უნდა მოვიყვანო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავადუმო ეს უსაქმური ხალხი, – სწერდა პეტრე ჩაიკოვსკი თავის ძმას მოდესტს და მან ცოლად ანტონინა მილიუკოვა მოიყვანა. ისინი კონსერვატორიაში სწავლობდნენ ერთად და გოგონა მაშინაც სწერდა სასიყვარულო წერილებს პეტრეს. თუმცა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო, კომპოზიტორი ნაკლებად აქცევდა ყურადღებას ქალის სიმპათიებს. სრულიად მოულოდნელად პეტრემ ანტონინას ხელი სთხოვა და ცოლადაც მოიყვანა. თაფლობისთვის გასატარებლად წყვილი პეტერბურგში წავიდა, სადაც ჩაიკოვსკის შეკვეთაც ჰქონდა. მორიგი ცოლქმრული სკანდალის შემდეგ, ატირებული კომპოზიტორი ქუჩაში გავარდა, რამდენიმე საათიანი ბორიალის შემდეგ კი გადაწყვეტილება მიიღო და ხიდიდან მდინარეში გადახტა. სიკვდილისგან პეტრე ჩაიკოვსკი გამვლელმა გადაარჩინა. სამთვენახევარიანი ქორწინება დასრულდა. პეტრე ანტონინას გაუბედურებაში იდანაშაულებდა თავს და სიცოცხლის ბოლომდე უხდიდა ალიმენტს, რაც კანონით არ ევალებოდა. საბოლოოდ ანტონინა საგიჟეთში მოხვდა და 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

XIX საუკუნის 80-იან წლებში პეტრე ჩაიკოვსკი საქართველოში ჩამოვიდა. მან 10 დღე გაატარა თბილისში, თუმცა მისი საქართველოში ვიზიტი ამით არ დასრულებულა. მოგვიანებით იგი ბორჯომში ჩავიდა, შემდეგ კი ხანმოკლე ვიზიტებით სტუმრობდა ჩვენს სამშობლოს.

საქართველოდან კომპოზიტორი კვლავ მოსკოვში დაბრუნდა, დაძლია სცენაზე გასვლის შიში და საკუთარი ნაწარმოებების დირიჟორობა დაიწყო. ამ გაბედულებას მოჰყვა კონცერტები ევროპაში. მოგზაურობის დროს პეტრე ჩაიკოვსკი უფრო ნაყოფიერად მუშაობდა და ქმნიდა ახალ ნაწარმოებებს. 1890 წელი კი მისი შემოქმედების კულმინაციაა, რადგან, კრიტიკოსების აზრით, საუკეთესო ნაწარმოები “პიკის ქალი” დაწერა.

ევროპიდან კომპოზიტორმა ამერიკაში გადაინაცვლა, სადაც ნიუ იორკში კარნეგი ჰოლის საზეიმო გახსნას დაესწრო და საპატიო სტუმრის სტატუსით 6 კონცერტიც ჩაატარა. ამ მოგზაურობამ შთააგონა პეტრე ჩაიკოვსკის “მაკნატუნა” და “ევგენი ონეგინი” დაეწერა.

– სახელი, დიდება, ფული, წარმატება, ტაში, ოვაციები, მსოფლიო აღიარება, ნუთუ ეს არის ბედნიერება?! არა, ბედნიერება ისაა, როდესაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ, – ამბობდა პეტრე ჩაიკოვსკი.

კომპოზიტორი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილი დღემდე ბურუსით არის მოცული. ერთი ვერსიით, მან საგრიმიოროში გამოუხდელი წყალი დალია და ქოლერა შეეყარა, მეორე ვერსიით კი საწამლავი დალია და თავი მოიკლა.