18 მაისი, 2017

მუსიკოსების შრომა მეტალურგების უმძიმესი სამუშაოს ტოლფასია

ავსტრალიის ინსტიტუტის მკვლევარებმა ვენის ფილარმონიული ორკესტრის წევრებთან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ორკესტრის 24 მუსიკოსს მინიატურული მრიცხველები დაამაგრეს, რომლებიც მკვლევარებს მუსიკოსების მიერ დახარჯული ენერგიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა.

მრიცხველების დახმარებით მკვლევარებმა შეძლეს დაედგინათ რა დატვირთვა აქვთ მუსიკოსებს სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრისას. მათი მტკიცებით, მუსიკოსების შრომა თავისუფლად შეიძლება შევადაროთ მშენებლებისა თუ მეტალურგების უმძიმეს სამუშაოს.

კვლევებით დადგინდა, რომ მუსიკოსების დატვირთვა სხვადასხვაგვარია ამა თუ იმ კომპოზიტორის ნაწარმოების შესრულების დროსაც. მაგალითად, ბრამსის შესრულების დროს ორკესტრანტების გულისცემამ წუთში 130 დარტყმას მიაღწია.

ცალკე საკითხია გადავსებული დარბაზი, რა დროსაც სივრცეში ჟანგბადი მინიმალურია და ეს ფაქტორი მუსიკოსებს ცალკე ტვირთად აწვებათ. მკლევარებმა დაადგინეს ზუსტი მონაცემები საორკესტრო ორმოში წარმოქმნილი ხმაურისა, ის 120 დეციბილს აღწევს, რაც დაშვებულ ნორმას ბევრად აღემატება.