21 მაისი, 2017

“ახალ მზიურში აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა”

ამ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამაარსებელი გაგა ჩხეიძე ავრცელებს და ახალ მზიურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოუწოდებს შესაბამის უწყებებს მოახიდნონ დროული რეაგირება.

გაგა ჩხეიძე:

“ახალ მზიურში აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა – ლგბტ თემისადმი მტრულად განწყობილმა, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფმა და სასულიერო პირებმა ჩაშალეს “თავისუფალი კინოჩვენებების” ფარგლებში დაგეგმილი სეანსი ბრიტანული ფილმისა “პრაიდი”.

მეთიუ ვორჩუსის “პრაიდი” 2014 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მისი პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. მას მერე ფილმმა მთელი მსოფლიო მოიარა და არაერთი ჯილდო მიიღო სრულიად დამსახურებულად. ფილმი რომატიკული კომედიის ჟანრშია გადაღებული და გეი აქტივისტებისა და მაღაროელების ურთიერთსოლიდარობას ეძღვნება ტეტჩერის ბრიტანეთში 1984 წელს. ამ ფილმში არ არის ეროტიკული ან სექს-სცენები. თავად ბრიტანეთში 15 წელს მიღწეული ყველა ადამიანისთვის ნებადართულია ფილმის ნახვა. ფილმის ქართული პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა 2015 წელს.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფილმის ჩვენებას ახალ მზიურში არცერთი არასრულწლოვანი არ ესწრებოდა. მიუხედავად ამისა, ექსტრემისტულად განწყობილმა ჯგუფმა მიზანს მიაღწია და სეანსი ჩაშალა.

პირადად ჩემთვის, როგორც ფესტივალის ორგანიზატორისთვის, ეს არის სრულიად მიუღებელი მოვლენა, როდესაც რომელიმე გარეშე ჯგუფი უხეშად ერევა კულტურული ორგანიზაციის საქმიანობაში და თავის ნებას ახვევს თავს. ამ ადამიანებს მსურს შევახსენო, რომ ხელოვნებასთან მიმართებაში საქართველოში დაუშვებელია ცენზურა. მათი ქმედება ჰგავს “ზნეობრივი პოლიციის” ქმედებას, რომელიც ამა თუ იმ მორალისტური მოსაზრებით კრძალავს წვდომას კულტურის პროდუქტებზე.

მომხდარი ფაქტი იმდენად არ გამკვირებია, როგორც მიკვირს სრული უმოქმედობა კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხრიდან, რომელიც თავად არის “თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორი. ამ ორმა უწყებამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება, აღძრას სარჩელი სეანსის ჩაშლის ინიციატორების მიმართ და მოითხოვოს ამ ფაქტის გამოძიება, მათ შორის იმ ოფიციალური ვერსიისა, რომ 112-ში შესული იყო ზარი კაფეს დანაღმვის თაობაზე და რომ პოლიცია იძულებული გახდა, შეეწყვიტა ჩვენება. ასეთი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა პრევენცია იქნება იმისა, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს.

კულტურის სამინისტრომ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ამბავი მას უშუალოდ ეხება, ისევე როგორც გვეხება კულტურის სფეროში მომუშავე ყველა ორგანიზაციას!”