2 აპრილი, 2017

უმძიმესი განაჩენი ტიციან ტაბიძისთვის

– არც ერთ ჩემს მეგობარ მწერალზე გულში წყენა არ ჩაიდო, ისინი დაწერენ, რომ დამნაშავე ვიყავი, თორემ სხვანაირად ვერ გადარჩებიან, იმათაც დახვრეტენო, – უთხრა პოეტმა ტიციან ტაბიძემ გადასახლებაში წაყვანის იმ ავბედით ღამეს ქალიშვილს ნიტა ტაბიძეს.

ტიციან ტაბიძის შვილის ნიტა ტაბიძის მოგონებებს პოეტი და მწერალი დავით შემოქმედელი ასაჯაროვებს:

“წინაპართაგან წავიდა ყველა…

დღეს 2 აპრილია, ტიციანის დაბადების დღე. ტიციანის ქალიშვილთან, ახლა უკვე ჩემს უფროს მეგობართან, ნიტა ტაბიძესთან მივდივარ სტუმრად. გაზაფხული ნელა, მაგრამ თანდათან იკრებს ძალას. სასიამოვნო, თბილი მზიანი დღეა. გაზაფხული ხომ მართლაც წელიწადის ჯადოსნური დროა. თითქოს თავიდან იბადები ადამიანი. უნებურად არ შეიძლება ტიციანის სტრიქონები არ გაგახსენდეს კაცს: – “მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან”. წელიწადის ამ დროს, ალბათ, ტიციანის მეგობრებს შეგულებული ჰქონდათ ადგილი, სად, რომელ ტივზე აეხლიჩათ მწვადები, დილამდე – გასკდომამდე აეღრიალებინათ არღანი – ეკითხათ ლექსები, ეფიცათ სამშობლოსა და ერთმანეთისათვის ერთგულება.

ოპერის წინ ტიციანის ყოფილი სახლისკენ გავუხვიე. დღევანდელ დღეს, აქ ტრადიციისამებრ სტუმრებს სათნო და ტკბილი ქალბატონი ნიტა ელოდება.

– მოხვედი, დედუნა! ჩვეული ღიმილითა და ამ სიტყვებით უკვე მერამდენე წელია მიღებს კარს უფროსი მეგობარი, სასტუმრო ოთახში ვსხდებით. სიცილით იხსენებს პაოლოს ოხუნჯობებს: როგორ მოატყუა ერთხელ ესენინი – აისიდორა დუნკანი თბილისში ვნახეო. ეს ის აისიდორა დუნკანია – ცნობილი ბალერინა – ესენინზე რამდენიმე წლით უფროსი – ყოფილი ცოლი, რომელიც არა და არ ეხსნებოდა, სულ კუდში დასდევდა – რომელ ქალაქშიც ჩადიოდა, თუ გაიგებდა, აუცილებლად ჩააკითხავდა და შეშინებული ესენინიც, აისიდორას არ გადავეყაროო, იმ ქალაქიდან გარბოდა. მოულოდნელად სახე უსევდიანდება და ამბობს – მამა რომ წაიყვანეს – მას მაგიდაზე ესენინის სისხლით დაწერილი წიგნი ჰქონდა, რომელიც დედას დაუტოვა – ჩეკისტებს რატომღაც თვალში სწორედ ეს წიგნი მოუვიდათ და წაიღეს. ესენინს მე შევარქვი “ოქროს პური”, მერე, რომ ხშირად მოიხსენიებდნენ ასეო. შემდეგ აგრძელებს: მიუხედავად იმისა, რომ გადამთვრალი ესენინი რესტორნებსა და ბარებში შფოთიანი და ჩხუბისთავი იყო, თბილისში მას არასოდეს უჩხუბია.

როცა ემიგრაციაში მყოფმა გრიგოლ რობაქიძემ, რომელიც ჩემი ნათლია იყო, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, მამამ ურჩია, არ ჩამოხვიდე, თორემ დაგხვრეტენო.

რუსი მწერლები იმ მიზნით ჩამოდიოდნენ ჩვენთან, რომ ხალხი რუსული კულტურუსთვის ეზიარებინათ. “ცისფერყანწელებთან” შეხვედრის შემდეგ პავლე ანტოკოლსკი წერდა: – როგორ უნდა შევიტანოთ რუსული კულტურა საქართველოში, როცა მათ უკეთ იციან ჩვენი კულტურაო.
ბერიამ დაიბარა ტიციანი და უთხრა: – დაწერე პაოლოზე, რომ ხალხის მტერიაო. მამამ უარი უთხრა. იმ საბედისწერო დღეს (თავი რომ მოიკლა) პაოლომ სახლიდან თოფი წამოიღო და დამირეკა – ხომ გიყვარვარო.

– რას ამბობ, ძია პაოლო, როგორ არ მიყვარხარ-მეთქი, – ჰოდა, ჩემს მედიკოს მიმიხედე, გიტოვებო, – ასე დამიბარა.

ვალერიან გაფრინდაშვილს ერთი უცნაური თვისება სჭირდა – სარკის ეშინოდა. გრიგოლ რობაქიძე სულ პარიკით დადიოდა. მახსოვს: პატარა, რომ ვიყავი – ანაპაში წავედით – გემზე ვიღაც მანდილოსანს ეპრანჭებოდა, მივეპარე და პარიკი ავაძვრე.

ვერიკო და ნატა მამას ახლო მეგობრები იყვნენ. სტუმრები რომ მოდიოდნენ, მახსოვს, პირველად მათ დაურეკავდა ხოლმე.

პაოლოს სიკვდილის შემდეგ ბერიამ ისევ დაიბარა მამა. პაოლო სტალინს უყვარდა, მოსწონებია მოსკოვში, დაურეკავს ბერიასთვის და უთქვამს, პაოლო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე უნდა იყოსო. ახლა ბერიამ უნდა გასცეს პასუხი სტალინს – თუ რატომ მოიკლა თავი პაოლომ. მამას აიძულებდა, ეთქვა – პაოლო ამერიკის ჯაშუშიაო. ვერ დაითანხმა – ტყუპებივით ვიყავით და ამას როგორ დავწერო.

გადასახლებაში წაყვანის იმ ავბედით ღამეს მამამ მითხრა: – არც ერთ ჩემს მეგობარ მწერალზე გულში წყენა არ ჩაიდო, ისინი დაწერენ, რომ დამნაშავე ვიყავი – თორემ სხვანაირად ვერ გადარჩებიან, იმათაც დახვრეტენო.

ამ ცრემლიან ეპიზოდთან შეწყდა ჩვენი საუბარი – რადგან ქალბატონ ნიტას შვილმა – ცნობილმა ექიმმა და სპორტსმენმა – გივი ანდრიაძემ სუფრასთან მიგვიწვია.

გვიანი ღამე იყო, ქალბატონ ნიტასაგან რომ ვბრუნდებოდი. თითქოს ჩვენმა გულთბილმა მასპინძელმა, რამდენიმე საათი, ლეგენდებადქცეული “ცისფერყანწელების” გვერდით დამასახლა.

P.S. დამირეკეს, ნიტა გარდაიცვალაო. თითქოს წარსულის წიგნის ერთი ლამაზი ფურცელი დაიხურა. სახლში ვეღარ გავჩერდი, ქუჩაში ყოველდღიურ საშოვარზე გამოსული, საკუთარი საზრუნავით დატვირთული, ბორბლებზე შემდგარი ქალაქი გუგუნებდა. სასწრაფოდ ჯიბეში აღმოჩენილ ნაგლეჯა ფურცელს ვპოულობ – სტრიქონები თავისით იბადებიან და შემდეგ “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნებული ამ პატარა ლექსით ბოლო წლების ჩემს საყვარელ მეგობარს სამუდამოდ ვემშვიდობები:

იმ ღამით უხმოდ წავიდა მამა
და მიიხურა ბავშვობამ კარი,
მერე იმგვარად ჩამოიღამა,
გარეთ ქალივით ატირდა ქარი.
სველი ძეწნებიც წუხელ აქ იდგნენ
შემკრთალი, თანაც დანაოსები,
თქვენი სარკმლიდან ხომ არ გაფრინდნენ
ცისკენ დამფრთხალი ანგელოზები…”