30 მარტი, 2017

“სხვისი სახლი” გამარჯვებულია

კინორეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” გამარჯვებულია.

საქართველოს მიერ ოსკარზე წარდგენილმა ფილმმა უკვე მოასწრო რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე მოგზაურობა და მთავარი პრიზების მოპოვება, ამჯერად კი ფილმი რუსეთში გამართული რიგით 30-ე საერთაშორისო პრემიის “ნიკა” გამარჯვებული გახდა.

ქართველი რეჟისორის ნამუშევარი საუკეთესოდ ნომინაციაში “დსთ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი” დასახელდა.

რუსუდან გლურჯიძის ფილმი დრამაა და საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის ერთობლივი ნაწარმოებია. იგი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ, რადგან ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება.