7 მარტი, 2017

ჯემალ ქარჩხაძის რელიგიური სასწაული

“წმინდა ღვთისმშობელი ასეთ ქვეყანაზე, გარწმუნებთ, უარს იტყვის. ლეგენდაც დამთავრდება და სიმბოლოც წაიშლება,” – ასე სრულდება მწერალ ჯემალ ქარჩხაძის ჩანაწერი, რომელიც პატარა რელიგიურ სასწაულთან არის დაკავშირებული.

ჯემალ ქარჩხაძე:

“მე არ ვიცი, არის თუ არა დღეს, ჩვენს შორის ღვთისმშობლის მადლი და სიყვარული, მაგრამ მოდით ერთი წუთით პატარა რელიგიური სასწაული წარმოვიდგინოთ: ღვთისმშობელმა თავისი ქვეყნის “ხილვა” მოისურვა. რას ნახავს?

ნახავს მონობის სენით შეპყრობილ კერპთაყვანისმცემლებს, რომელთაც თავისუფლება ბატონის გამოცვლა ჰგონიათ, ნახავს მდიდარ ფარისევლებს, რომლებიც საჩვენებელ და გამოყენებით ქველმოქმედებას ეწევიან, იმ დროს როდესაც მათ გვერდით, ნამდვილი ადამიანები ნამდვილი სიკვდილით ნამდვილად იხოცებიან; ნახავს სიხარბისგან სახედაკარგულ კაცუნებს, რომლებისთვისაც სიხარბე უკვე იმ ზომის იდეალისტური თვითმიზანია – რომ შეეძლოთ ორ-ორ საფლავში ჩაწვებიან; ნახავს ცრუ ადამიანებს, რომლებიც რელიგიურობანას თამაშობენ და, რაკი რწმენის ორგანო ატროფირებული აქვთ, რწმენაც აღებ-მიცემობის საგნად უქცევიათ, როგორც ფართალი, როგორც პოლიტიკა, როგორც სპილენძი, როგორც სინდისი, როგორც პოლიტიკა, როგორც მოყვასის ბედი.

წმინდა ღვთისმშობელი ასეთ ქვეყანაზე, გარწმუნებთ, უარს იტყვის. ლეგენდაც დამთავრდება და სიმბოლოც წაიშლება.”