22 იანვარი, 2017

“ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული”

კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი “დავით აღმაშენებელი” საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი მეფის დავით IV აღმაშენებლის მოღვაწეობის პერიოდს შეეხება.

როგორც მწერალს თავის ნაწარმოებებში სჩვევია, ამ რომანშიც უამრავ დამაფიქრებელ და ჭკუის სასწავლებელ ფრაზას ამოიკითხავთ.

“არტ ინფო” გთავაზობთ ამონარიდებს რომანიდან “დავით აღმაშენებელი”:

***

“მე მგონია, როგორც ხორციელად, ისე სულიერად სრულქმნილს, თუკი ასეთი მოიპოვება სადმე, სრულიად არ ესაჭიროება ქება. როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოსწურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ბევრი რამ აკლია. როცა იგი მაქებარს დაიწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალში. სწორედ ამიტომაც ჰყავდათ დაქირავებული კარის-მეხოტბეთა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებს და სელჯუკიანთა უზნეო სულტანებს.”

“ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს ამ დამანახებდა მათთანვე ბრძოლა.”

“უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება – ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს.”

“ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს.”

“როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე – ბოლოთი.”

“ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე.”

“სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი – კოცნით, მეფე – ღიმილით, ხოლო მოღალატე – პატივის მიგებითა.”

“თვით უაღრესი ცილისწამებისგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს.”

“უღირსი კაცის თვალში თვით უდიდესი და უზენაესი არარად იქცევა ხოლმე, რადგან პაშტა სარკეში როდის ჩატეულა თუნდაც სპილენძის ხატებაი.”

“ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად.”

“ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა.”

“ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ.”