27 იანვარი, 2017

ვაჟა მანიას ამერიკული წარმატება

მომღერალი ვაჟა მანია მსმენელმა “ჯეოსტარიდან” გაიცნო. აფხაზეთის წარმომადგენელი კონკურსანტი ფინალისტიც გახდა, თუმცა მეორე ადგილს დასჯერდა და პროექტის გამარჯვება იმ წელს ნოდიკო ტატიშვილმა მოიპოვა.

ვაჟა მანიამ საკუთარი კარიერის გაგრძელება საზღვარგარეთ გადაწყვიტა და ჯაზის დიდმა სიყვარულმა ამერიკაში ჩაიყვანა. მომღერალმა ნიუ იორკში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

ნიუ იორკის ჯაზის საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომღერლებს მოუსმინეს და მათგან საუკეთესოები ფინალისტებად დაასახელეს.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც LENNY WHITE, RANDY BRECKER და MIKE STERN შედიან, ვაჟა მანია ფინალისტთა ჩამონათვალში შეიყვანა. მომღერალმა და მისმა კვარტეტმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვა და რჩეულებში მოხვდა.

ვინ გახდება კონკურსის გამარჯვებული, ამას ჟიურის წევრები გადაწყვეტენ.

”არტ ინფო” გთავაზობთ ბმულს, სადაც შეგიძლიათ ვაჟა მანიას და მის კვარტეტს მოუსმინოთ: http://madeinnyjazz.com/