3 იანვარი, 2017

ვანდალიზმი მრგვალ ბაღში

თბილისის ცენტრალურ უბანში, ვაკეში, მრგვალ ბაღში მდებარე შადრევანზე პატარა უფლისწული დასკუპებულა და დამსვენებლებს დღისითაც და ღამითაც მოუთმენლად ელოდება.

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, საინიციატივო ჯგუფმა “წრე” სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა:

“დღეიდან, მრგვალი ბაღი თქვენს მიერ გამომუშავებული ენერგიით განათდება! დაატრიალე ველოსიპედი და გაანათე ბაღი!”

ამ სასიამოვნო სიახლეს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ბედნიერება მხოლოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ერთი დღის განმავლობაში მოიპარეს და დააზიანეს ველოსიპედები, ასევე საახალწლო განათებები და ეგრედწოდებული “დინამოები”, რომლებიც ენერგიას გამოიმუშავებდა:

“ძალიან გვიხარია, რომ თქვენ მიერ გამომუშავებული ენერგიით მრგვალი ბაღის საახალწლოდ განათების ინიციატივას ასეთი დადებითი, მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანმა ეს პროექტი საფრთხის ქვეშ დააყენა.

ერთი დღის განმავლობაში მოიპარეს, დააზიანეს ველოსიპედები, საახალწლო განათებები და ეგრედწოდებული “დინამოები”, რომლებიც ენერგიას გამოიმუშავებდა. ამის შემდეგ იძულებული გავხდით ინსტალაციის დარჩენილი ნაწილი ჩვენ თვითონვე მოგვეხსნა.

აქვე გვინდა გითხრათ, რომ ეს ამბავი ვერ შეუშლის ხელს ჩვენს სამომავლო გეგმებს და წლის განმავლობაში არაერთ მსგავს პროექტს შემოგთავზებთ, – ნათქვამია ინიციატივის ავტორთა მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.