1 დეკემბერი, 2016

ქართველ მეფე მთავართა სამოსი, რომელიც მანამდე არ გინახავთ

xe5 დეკემბერს, 17 საათზე, ხელოვნების სასახლე ქართული ეროვნული სამოსის გამოფენას მასპინძლობს.

ოქრო, ვერცხლი, მარგალიტები, იაგუნდი, ლალი, ძვირფასი და კეთილშობილი ქვებით დამშვენებული ნატიფი ხელოვნების ნიმუშები. უნიკალური სამეფო და სადედოფლო კოსტიუმების კოლექცია, ქართველ მეფე მთავართა სამოსი რომელიც მანამდე არ გიხილავთ.

საზოგადოებას საშუალება ექნება ახალ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი 5 განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის მქონე ეროვნული კოსტუმი იხილოს. ექსპონატებს ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში, პროფესიონალი რესტავრატორების მიერ, ექვსთვიანი აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდათ.

უნიკალური რესტავრაციის დროს აღდგა და გამაგრდა ძვირფასი ისტორიული ქსოვილი, მოხდა დაკარგული ოქროს, ვერცხლის დეტალების აღდგენა. საბჭოთა პერიოდში დამაგრებული ბუტაფორიების ნაცვლად კოსტიუმებზე ძვირფასი და კეთილშობილი ქვები დაბრუნდა. სოლიკო ვირსალაძის მიერ ვარძიის ფრესკიდან აღდგენილ თამარის კაბაზე გამოყენებულ იქნა 4 ათასზე მეტი წვრილი და მსხვილი მარგალიტი, 150 ვერცხლის და 100 მოოქრული ბალთა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეკლე დედოფლის კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“. უნიკალური ექსპონატი, რომელიც XIX საუკუნეში შეიკერა და რომელიც საქართველოს ერთ-ერთი თავადური ოჯახის წარმომადგენლის კუთვნილება იყო განადგურების წინაშე იდგა. რესტავრაციის დროს გამაგრდა მისი ქსოვილის საფუძველი და დამაგრდა 3000-ზე მეტი დაკარგული დეტალი.
გარდა აღნიშნული კოსტიუმებისა, დარბაზში წარმოდგენილი იქნება მარგალიტებითა და ოქრომკედით გაფორმებული მეფე ერეკლეს ოჯახისა და მისი გარემოცვის წევრთა ძვირფასი სამოსი. გაფორმების დროს XVIII-XIX საუკუნეების ისტორიული ქსოვილის დეტალები და ორნამენტები გამოიყენეს, რის გამოც კოსტიუმმა განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება შეიძინა.

ეროვნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა უზრუნველყო. ძვირფასი საგანძურის ექსპონირებისათვის საგანგებოდ მომზადდა საგამოფენო დარბაზი, სადაც კულტურის სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით დამონტაჟდა თანამედროვე განათება, მომზადდა სპეციალური ვიტრინები და კლიმატ კონტროლის აპარატები.

კოსტიუმების გამოფენასთან ერთად, დამთვალიერებლს საშუალება ექნება XIX საუკუნის უნიკალური გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში “თეთრი ბუხარი” იხილოს, რომელიც კულტურის მინისტრის ინიციატივით სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში გადმოიტანეს.

ხელოვნების სასახლე, განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საგამოფენო დარბაზებში, პრეზენტაციის დღეს, გარკვეულ რეგულაციებს აწესებს. დამთვალიერებლები ეროვნული სამოსის საგამოფენო დარბაზში დაიშვებიან ჯგუფებად. ექსპოზიციის ნახვის მსურველებს მოუწევთ რიგში ჩადგომა. ვიზიტი 5 დეკემბერს უფასოა, ხოლო საგამოფენო დარბაზები ღია იქნება 17-იდან 20 საათამდე.

xelovnebis-sasaxle2