8 დეკემბერი, 2016

გონს მოდით, ადამიანებო!

revazzსულის პური – ასე უწოდა აკაკი ბაქრაძემ რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას, რომელიც თავისი უბრალოებით და სისადავით საოცარ სიღრმეებს შეიცავს.

– ჩემი ნაწერები ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამოკენკვის ცდაა, – წერდა მწერალი და საკუთარი შემოქმედებით ადამიანებისთვის ყველაზე ღირებულის მიწოდებას ცდილობდა.

“არტინფო” რევაზ ინანიშვილის ჩანაწერებიდან ყველაზე გამორჩეულ ნაწყვეტებს გთავაზობთ.

სინათლე, სინათლე ფრაზაში, სინათლე კომპოზოციაში, სინათლე დედააზრში! აი, ჩემი მთავარი დევიზი წერის დროს.

ერთი წუთითაც კი რომ წარმოვიდგინო, მე ვმწერლობ ვიღაცეების გასართობად, მაშინ სამუდამოდ ავიღებდი ყოველგვარ წერაზე ხელს.

ჩემი წარმოდგენით, მწერალი უნდა წააგავდეს მწირს, რომელიც ბრძოლის ველზე დადის და წყლულებს უხვევს დაჭრილებს. ეს მწირი, თვითონ გადამტანი ათასგვარი ჭირ-ვარამისა, ნუგეშს უნდა უნერგავდეს სულატკივებულებს, ათბობდეს შეციებულთ და აწყნარებდეს.

ჩემს წიგნის კარადაში ჩამწყვდეულია ასეულობით ადამიანის სული. მე კი ხელები ზურგს უკან მაქვს წამოწყობილი და ციხის ზედამხედველივით ვცემ ბოლთას მათ წინ.

ჩემი ნაწერები ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამოკენკვის ცდაა.

ღმერთო, რა ლამაზები ვიყავით, მშივრები რომ ვიდექით წიგნის მაღაზიაში და აღტაცებულნი შევყურებდით კუინჯის “არყნარს”.

ლიტერატურამ მკითხველი არ უნდა მოსწყვიტოს თავის თავს. პირიქით, მან უნდა ასწავლოს ვინ არის ის, რა ადგილი უკავია მას ამ დედამიწაზე და რა მისია აქვს შესასრულებელი. ნუ გვგონია, ბევრმა იცოდეს ეს.
როდესაც “განათლებულ ადამიანთა” ერთი ჯგუფი მიმტკიცებს, თითქოს საჭირო არ იყოს ჩვენი, საკუთარი პატარა ლიტერატურის ქონა მსოფლიოს დიდი ლიტერატურების გვერდით, თითქოს თარგმნილი წიგნები უკეთესად გააკეთებდეს ჩვენი ლიტერატურის გასაკეთებელ საქმეს, მე მათ ერთ-ერთ კითხვად ყოველთვის ამას ვაძლევ: ხომ არ მოსწყვეტს თარგმნილი ლიტერატურა ჩვენს მკითხველებს თავის ადგილს ხომ არ დააბნევს; რადგან მე ასე ვიცი: რამდენი მთაც არსებობს – იმდენნაირი ხასიათი აქვს ამ მთებს, იმდენნაირი კონკრეტული ხერხებია საჭირო ამ მთის ძირის საცხოვრებლად; ძნელად, რომ ამერიკის პრერიების მცხოვრებთა სულისკვეთება მოარგოთ ჩვენი ფიცხი მთების შვილთა ხასიათს.

როგორც მუსლიმანი შედის მეჩეთში – ფეხგანბანილი, განწმენდილი, – ისე მე შევდივარ ფერებისა და სახეების სამყაროში, რომლებიც სადღაც მაღლიდან უნდა ჩამოვკრიფო და წინ დავუწყო სხვებს. ვგრძნობ ეს ყველაფერი ძველია, თანამედროვეობას ჩამორჩენილი, მაგრამ იმედი მაქვს ხელოვნებაც აიტანს ერთ ცრუმორწმუნეს, და უდრტვინველად განვაგრძობ გზას.

როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ, როგორიც სხვებს უნდიხარ…

სისადავე! სისადავე! სისადავე! ოი, რა ძნელია მიღწევა.

თანდათან უფრო მიჭირს “მხატვრული ნაწარმოებების” წერა. მე მეჩვენება, მამაკაცისთვის უკადრისი საქმეა, დაჯდე, დაიდო წინ სუფთა ქაღალდი, მოიმარჯვო კალამი და დაიწყო შეთხზვა რაღაც-რაღაცეებისა.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობდე საერთოდ წერაზე. არა როგორც ამ წიგნიდანაც ჩანს, მე ვწერ, ვწერ დიდი სიყვარულითაც – მხოლოდ… არა ტრადიციულ მოთხრობებსა და ასეთებს.

თქვენ ატყობთ ჩემი მწერლობით მე “მდგომარეობას” არ ვიკეთებ. არც მდგომარეობით არ ვიკეთებ მწერლობას. მე ვწერ, ჩემს სულს რომ ლოცვა დასჭირდება. რატომღა ვბეჭდავ და ფულს რატომღა ვიღებ? იმიტომ, რომ ჩემს ფიზიკურ არსებობას უამრავი გადასახადი აქვს შეწერილი ამ ქვეყანაზე.

მხატვრული სახე – ადამიანი, ცხოველი, მცენარე, ნისლი ან წვიმა – ისე ამყვება, ვერაფრით ვეღარ ვახერხებ ხოლმე მის ჩამოცილებას, თუ არ ავდექი და ერთ დღეს ქაღალდზე არ გადავიტანე. მაგალითად: კუკრუჭანებმა ათ წელიწადზე მეტ ხანს მდიეს. სულ სამი გვერდის დაწერა კი დამჭირდა და მორჩა, გამათავისუფლეს.
რამდენი ხანია მე ვყაყანებ ამას: ჩვენი მოზარდი თაობის სულს მართავს ამერიკანიზმი. ამერიკული ჯინსი, ამერიკული ბრტყელი ქამარი, პერანგი, ვარცხნილობა სმიტ – ვენსონი, სიარული, ერთმანეთთან ურთიერთობა, აი, საოცნებო სამყარო, როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვისაც. ჩვენ კი თევზის ქონივით ძალით ვასმევთ ჩვენს შეხედულებებს – ჩვენს პუშკინს, ჩეხოვს, ვაჟას, ალ. ყაზბეგს და სხვა ასეთებს.

არავითარი გამონაგონი! რაღა დროს გამონაგონებია. ყველაზე საშინელი ყოველდღიურობა, აი, ამოცანა თანამედროვე ხელოვნებისა. წავიკითხე ჩემი “დაბრუნება” და ცოტა დამიმიმშვიდდა სული.

საზიზღრად ადვილად იწერება “უიღბლო გიგოს” ფრაზები. იმდენად ადვილად, რომ არავითარი სურვილი არა მაქვს წერისა. სულ სხვა იყო “ძველებური ელეგია” და დედულეთის გზაზე”, იქ ყოველი ფრაზა ქვის თლას ჰგავდა. მე ასეთი ქვის თლა მიტაცებს.

ჩანაწერები “სამაგიდო რვეულიდან”, რომლებიც გამოქვეყნებულია “ცისკრის” პირველ ნომერში: ნუთუ ვერ ხედავთ, რამდენმა რამემ მოიყარა ერთი ფორმის ფარგლებში? რამდენი ხასიათია, რამდენი სიუჟეტი, რამდენი ფერი. გადაიღეთ თანმიმდევრობითი კინოფილმი და ნახავთ, რომ იგი იქნება უმდიდრესი მოზაიკა. ეროვნული მოზაიკა. სცადეთ და სხვა საშუალებებით ჩატიეთ ამდენი რამ ოციოდე გვერდში! რამდენი გრძელი მოთხრობა და თანამედროვე რომანი დაგჭირდებათ საამისოდ.

ვკითხულობ ჩემს “შორი თეთრი მწვერვალს” (წიგნს).
მეჩვენება თუ მართლა ასეა? ვაჟას, ეკატერინე გაბაშვილის და იროდიონ ევდოშვილის სოფლებს მიემატა ჩემი სოფელიც. 30-40-იანი წლების ჩემი სოფელი. ამ წლების შემდეგ უკვე სხვები იქნებიან, ან უკვე არიან კიდეც, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ საბავშვო ლიტერატურაში.

ზედაზენზე და უძოზე ისევ დგანან ჩემი ბავშვობის ზამთრისპირის ღრუბლები.

ძალიან, ძალიან რომ გაგიჭირდება ადამიანებთან, მიდი მიწასთან ბარით და თოხით, გაუხსენი გული, იმას ელაპარაკე ის დაგიამებს სულის ტკივილს.

“კეთილო” – მოთხრობა ბავშვებისათვის ძროხაზე. კეთილო მარტო ძროხაა? ის მკვებავი მიწაა. მე მზარავს ამ მიწის გაუფასურების შიში. დედამიწაზე არსებული ყველა მანქანა ვერ შეედრება ძროხის სასიკეთო ქმედებას. ასევე ვფიქრობ მოთხრობებზე: “ჩიტუნიას ლოცვა”, “ლამაზი ხე-თელა” და სხვა.

მე პოეტი ვარ, მხოლოდ იმით ვარ გამორჩეული, რომ პროზაიკოსის გასამრჯელოს მიხდიან ან: მე პროზის ტარიფით მომუშავე პოეტი ვარ.

დადგება დრო და ვიღაც უთუოდ მიხვდება, რომ ჩემი მოთხრობების დიდი ნაწილი პასტელით კი არა, ნემსის წვერით არის ნაწერი ფოლადზე.

მგონია ვეღარასოდეს დავუბრუნდები მოთხრობებს, თუ ქალაქიდან არ გავიქეცი.

მეღვიძება ხოლმე შუაღამის სამის ნახევარზე-სამზე უმშვენიერეს საკითხავს მივაგენი. ესაა ჩვენი, ქართული ენციკლოპედია. დიდი სიამაყით მევსება გული, მასალათა უდიდესი ნაწილი ხომ ჩვენი სპეციალისტების მიერ არის დაწერილი, წიგნიც ჩვენებმა გააკეთეს, სტამბის მუშებმა.

მე მხოლოდ იმის იმედიღა მაქვს, ზემოდან თუ მოვა რამე შვება.

ჩემს ნამდვილ მოთხრობებს არასოდეს მკარნახობს სინამდვილე, უფრო ზუსტად – ისინი არ მოდიან წინიდან ჩემსკენ, ვიღაცეები თუ რაღაცეები მასხედან მხრებზე და მეჩურჩულებიან ყურისძირებში. როცა ისინი მტოვებენ, ვყრუვდები. რასაც მაშინ დავწერ, თვითონ არ მესმის.

მე ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არც ვცდილობ, რაიმეთი გამოვერჩიო სხვათაგან. ისე ვიცმევ, როგორც ყველა, ისე ვიკრეჭ თმას, როგორც ყველა, სიარულიც ისეთი ვიცი, როგორც ყველა დადის. მიუხედავად ამისა, მაინც ვგრძნობ, რა საშინელი ტვირთი მკიდია სხვებთან შედარებით. მე გამუდმებით უნდა ვწერო, თან ვწერო ახალი და ახალი გამონაგონნი. ამ გამოგონებებისთვის იძულებული ვარ გადავიდე, გადავსახლდე სხვაგან და სხვაგან, ჩავდგე სხვათა და სხვათა შორის. ვუყურო და ველაპარაკო სხვებსა და სხვებს. ეს საშინელი შრომაა, ძალიან მღლის. გარეგნულად ვერაფერს შემატყობთ, მაგრამ შინაგანად ქანცი მაქვს გაწყვეტილი.

რატომ დავდივარ მხრებდახრილი? წამით არ მტოვებს ხოლმე ფიქრი, რომ ხალხი პურს მაჭმევს ჩემი ნაწერების გამო, ის კი არ ვიცი, რამდენად ნამდვილი სიკეთე მოაქვთ ამ ნაწერებს.

რა უნდა ჩემს სულს? რას ელის, რისი იმედი აქვს… ხანდახან აიწევს ასაფრენად აზიდული არწივივით, ვერ აფრინდება და ისევ მძიმედ დაუშვებს ფრთებს. მაშინ დავდივარ უმიზნოდ და უმისამართოდ. ამას მარტოობა ჰქვია.

ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ.
დამენანება ჩამოტეხილი ტოტი და იმ წამშივე ყუჩდება სულის ტკივილში რაღაც.

პოეზია ადრე ჩემს გარეთ იყო. ახლა ჩემშია, შიგნით, ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი.
წინათ სხეულთავისუფალი, დროებით შევდიოდი მასში, მობანავესავით ვეძლეოდი განცხრომას და მერე ვტოვებდი, როგორც ზღვას. ახლა ვეღარ ვახერხებ ამას. მძინარესაც კი ყოველი უჯრედი გათანგული მაქვს შეგრძნებებით” ეს საოცარია”: საოცარია ფოთოლი, კვირტი, ხე, ფრინველი, წყალი, მთა, ყველაზე მეტად – ადამიანი. საოცარია და საამოდ მათრობელი.

ხანდახან ვფიქრობ – დანაშაულს ხომ არ ჩავდივარ, შვილიშვილებს ტკბილად რომ ვექცევი-მეთქი. მერე გადავავლებ ჩემს ცხოვრებას თვალს, – სულ დაძაბულობა, სულ პასუხისმგებლობის ქვეშ კანკალი! – მხოლოდ ბებიას ღიმილი, მისი სათნო დამოკიდებულება ყველაფრისადმი! – და ისევ განვაგრძობ ჩემსას. მე რომ ბებიას გვერდით არ გამეტარებინა ჩემი ბავშვობის დღეები, რაღა დამრჩებოდა ლამაზი მოსაგონებელი, არ ვიცი.

შემიძლია განვმარტოვდე, ვიყო ახალ ბინაში, საბურთალოს ქუჩაზე, უჯარმაშიც, მაგრამ აშკარად ვხედავ, პატარების გარეშე ვეღარ ვძლებ. ისინი ახშობენ თავიანთი ხმაურით ჩემში ჩამოწოლილ მარტოობის გრძნობას. რომ ვეღარ მუშაობო? მე მეღიმება. დიდია ღმერთის ძალა. თუ ღმერთი ღირსად მცნობს, მამუშავებს, წისქვილის ქვაზეც რომ ვიჯდე. სასწრაფო გადაუდებელი სათქმელი კი არაფერი მაქვს. რაც სასწრაფო და გადაუდებელია, იმას მთელი ქვეყნიერება ღრიალებს – გონს მოდით, ადამიანებო, სიცოცხლის მოსპობას ნუ აპირებთ დედამიწაზე! ყველა კი ყრუა თითქოს.

შემიპყრობს ხოლმე ეჭვი, სინათლე, რომლისკენაც მე ესოდენ დაუოკებლად მივისწრაფი, ხომ არ არის პრიმიტიზმი, რომელიც მძულს. მივდივარ გოგენთან, ვან-გოგთან, მოდლიანთან, მარკესთან და ვმშვიდდები. აი, ახლაც წინ მიდევს მოდლიანის “პეიზაჟი” – სულ რამდენიმე ხაზით მოთავებული ფოთოლი, ხე, სახლის სამკუთხა სახურავი, ერთი შავი სარკმელი, იქით, სიღრმეში, ზღვა და მერე ბაცი ცა… დამთრგუნავი სილამაზე, რაღაც მარტოობისა და განწირულობის გრძნობა… პრიმიტივისტები ვერასოდეს ახერხებენ განწყობილების ამ რანგში ატანას.

დგება დღე, ხან როდის, ხან როდის, – ყველაფერი არარაობად მეჩვენება, რაც კი მე დამიწერია ოდესმე.

“..კიდევ კარგი რომ მამაკაცებს უმეტესად უკან გადაგვდის ცრემლი.”

“როცა შენს გვერდით გამიჭირდეს და ტოტზე ჩამოვჯდე.. თუკი ჩემი თვალების ბოლოებზე ახალი ნაოჭები შეამჩნიო, შეჩერდი და იმ ნაოჭებზე რბილად გადამისვი ხელი.”

“საკმარისია აქეთ-იქით მიმოხედვა შესძლო და უამრავ რამეს დაინახავ ისეთს, რომელთა გულისათვის მაინც უნდა დარჩე ქვეყანაზე”

“პაპა, იცი რა? რა და იცი, როგორ უნდა დამყარდეს მშვიდობა მთელ დედამიწაზე? როგორ და სუყველა ოჯახს, სუყველას უნდა ჰყავდეს პატარა ბავშვები იმ ბავშვებს კიდე – დედები, მამები, ბებიები, პაპები. იმათ ხომ ყველას ძალიან ეყვარებთ ის ბავშვები, როგორც თქვენ გიყვარვართ მე და ჩემი ძმა, ჰოდა, როცა ყველას ასე ეყვარება ბავშვები ვიღას მოუნდება, ვიღა დაიწყებს ომს?! და დამყარდება სუყველგან მშვიდობა.”