24 სექტემბერი, 2016

ფრანც კაფკას ორიგინალური იდეა

kafka-francმსოფლიოში აღიარებული მწერალი ფრანც კაფკა ორიგინალური შემოქმედების გარდა, ორიგინალური იდეებითაც გამოირჩეოდა.

“არტინფო” გთავაზობთ ისტორიას, რომელიც მწერლის ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ეტაპია. ორიგინალური იდეით ფრანც კაფკამ პატარა გოგონას ცხოვრება გაულამაზა და კიდევ უფრო საინტერესო გახადა.

***

ბერლინში ცხოვრებისას ცნობილი მწერალი ფრანც კაფკა ადგილობრივ პარკში ყოველდღიურად სეირნობდა. ერთხელ პარკში პატარა გოგონას შეხვდა, რომელმაც სათამაშო თოჯინა დაკარგა და ტიროდა. კაფკამ გოგონას თოჯინის მოძებნაში დახმარება შესთავაზა და მეორე დღეს ისევ იმ ადგილზე დაიბარა.

სათამაშო მწერალმა, რა თქმა უნდა, ვერ იპოვა, მაგრამ მან გოგონას წერილი მიუტანა, სადაც ეწერა:

“გთხოვ, ნუ გაბრაზდები ჩემი წასვლის გამო. სამოგზაუროდ გავემგზავრე, მთელი მსოფლიო მინდა შემოვიარო. წერილებს ხშირად მოგწერ, რომ ჩემი თავგადასავლები გიამბო.”

მომდევნო დღეების განმავლობაში მწერალი გოგონას პარკში ხვდებოდა და წერილებს უკითხავდა, სადაც თოჯინა გოგონას თავისი ზღაპრული მოგზაურობის შესახებ უყვებოდა.

ტუბერკულოზის გამწვავების გამო, კაფკა საცხოვრებლად ვენაში გადავიდა. ბერლინის დატოვებამდე მწერალი გოგონას ბოლოჯერ შეხვდა და თოჯინა აჩუქა.

რა თქმა უნდა, ეს თოჯინა სულაც არ ჰგავდა გოგონას დაკარგულ სათამაშოს, მაგრამ მას ასეთი წარწერა ჰქონდა: “მოგზაურობამ შემცვალა.”