21 ივლისი, 2016

“თუ კი ბრიტანელებს ჰყავთ ელიზავეთი – ჩვენ ჩვენი დედოფალი გვყავს!”

nani421 ივლისი ქართული ესტრადის დედოფლის ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა. მას 80 წელი შეუსრულდა.

იუბილარი ხელოვანი მთელი დღის განმავლობაში იღებს მილოცვებს და საუკეთესო სურვილებს როგორც კოლეგებისგან, ისე მეგობრებისგან და რიგითი მსმენელებისგან.

მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ორიგინალურად ულოცავს:

“ძალიან დიდია და ძალიან მაგარია!

ნამდვილი რჩეულია!

თუ კი ბრიტანელებს ჰყავთ ელიზავეთი – ჩვენ ჩვენი დედოფალი გვყავს და თანაც არა გენეტიკური მემკვიდრეობით მიღებული ტიტულით, არამედ ჭეშმარიტ ხელოვნებაში განვლილი უკომპრომისო გზით მოპოვებული თვითმყოფადობით!

მის შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ჟანრს და სტილს, მის შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ხარისხს და სიმაღლეს. თუ კი ქართულ (და არამარტო) სიმღერაში არსებობს მწვერვალი, ის ნამდვილად მისი დამკვიდრებულია და ძალზედ რთულია მის სტანდარტთან მიახლოვება!

ვამაყობ, რომ ვუყვარვარ და ვმეგობრობთ, ვურთიერთობთ სცენაზეც და შინაც. მისი გემოვნება, შემოქმედებითი ცხოვრების გზა, ღვთისნიერობა და პიროვნული ღირსებები მაგალითი იყო, არის და იქნება ჩემთვის მუდამ!

დღეს ნანი ბრეგვაძე 80 წლის გახდა!

ღმერთმა გვიმყოფოს კიდევ დიდხანს და მხნედ!”